25/11/2024
15:38
საზოგადოება
იუსტიციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები იცვლება.
როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე უმრავლესობის დეპუტატის, მაკა ბოჭორიშვილის კანდიდატურა იქნება წარდგენილი, იუსტიციის მინისტრის პოსტზე, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ანრი ოხანაშვილის, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე, უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, დავით სონღულაშვილის.
რა ქონებას ფლობს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი მაკა ბოჭორიშვილი:
როგორც მის მიერ 2024 წლის ივნისში შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ჩანს, მაკა ბოჭორიშვილი ფლობს 2 ბინას თბილისში, რომელთაგან ერთი, 2019 წელს 90 000 აშშ დოლარად აქვს შეძენილი, ხოლო მეორე, მიმდინარე წელს 180 000 აშშ დოლარად. ასევე, მიწის ნაკვეთს წავკისში, რომლის ღირებულება 77 000 აშშ დოლარია.
გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, მაკა ბოჭორიშვილის სახელზეა მემკვიდრეობით გადაცემული საცხოვრებელი სახლის და მშენებარე ბინის 50%-იანი წილებიც.
რაც შეეხება ფინანსურ მაჩვენებლებს, საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი, დეკლარაციის შევსების მომენტში ფლობდა:"თიბისი ბანკის“ მიმდინარეზე - 2 350 ლარს, 7 317 აშშ დოლარს, 29,27 ევროს, ანაბარზე - 700აშშ დოლარს; ასევე, BELFIUS-ის მიმდინარეზე - 372,41 ევროს, ანაბარზე - 1 611,81 ევროს.
ამავე მონაცემების მიხედვით, მაკა ბოჭორიშვილს გასულ წელს საპარლამენტო საქმიანობიდან ხელფასის სახით 53 004 ლარი აქვს მიღებული.
რა ქონებას ფლობს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი ანრი ოხანაშვილი:
წელს, იანვარში შევსებული დოკუმენტის მიხედვით, ანრი ოხანაშვილს საკუთარ სახელზე რეგისტრირებული უძრავი და მოძრავი ქონება არ აქვს. დეკლარაციაში მითითებულია მხოლოდ მეუღლის სახელზე არსებული მიწის ნაკვეთი და 509.8 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, რომელიც 2018 წელს ჩუქებით გადაეცა.
დოკუმენტის მიხედვით, წლის დასაწყისში, ანრი ოხანაშვილს, "თიბისი ბანკის" სახელფასო ბარათზე ჰქონდა 1 392 ლარი, „საქართველოს ბანკის“ სახელფასოზე 35,38 ლარი.
ასევე, მის სახელზე ფიქსირდება, მსუბუქი ავტომობილის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი 9500 აშშ დოლარი, ხოლო დანაზოგი 4000 ევრო.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, ანრი ოხანაშვილს, გასულ წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ხელფასის სახით აღებული აქვს 53 449 ლარი, ხოლო თსუ-ს ასისტენტი, ასოცირებული პროფესორის საქმიანობიდან 7017 ლარი.
რა ქონება ფლობს დავით სონღულაშვილი?
მიმდინარე წლის იანვარში შევსებული დოკუმენტის მიხედვით, დავით სონღულაშვილი ფლობს ბინას თბილისში, რომელიც 2016 წელს 400 000 ლარად აქვს შეძენილი. ასევე, ორ მიწის ნაკვეთს ტაბახმელასა და კოჯორში, რომელთაგანა ერთში 2007 წელს 5000 ლარი აქვს გადახდილი, ხოლო მეორეში 120 000 ლარი.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი დოკუმენტის შევსების მომენტში ფლობდა: "საქართველოს ბანკის“ საბარათეზე - 3 275 ლარს და 6,91 ევროს, ხოლო დანაზოგის სახით 70 000 აშშ დოლარს და 15 000 ლარს.
ამავე დოკუმენტის თანახმად, დავით სონღულაშვილს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, გასულ წელს ხელფასის სახით 52 559 ლარი აქვს მიღებული.
bpn.ge
0
0