
ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიურ დასკვნაში ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს ბლოკის წევრ ქვეყნებს, საქართველოს მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. თუმცა იქვე არის დათქმა, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს ცხრა პირობა, რათა გადავიდეს ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე- მოლაპარაკებების გახსნაზე.
ამ ცხრა პირობიდან ნაწილი ძველი, 2022 წელს მოცემული 12 რეკომენდაციიდანაა, არის ახალი პუნქტებიც. ევროკომისიამ აგრეთვე გამოაქვეყნა ანგარიში ამ 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესზეც, რომლის თარგმანსაც ასევე გთავაზობთ.
რა უნდა გააკეთოს საქართველომ ახლა ევროკომისიის თანახმად
1. დააახლოოს თავისი საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის პოლიტიკასთან [ახალი პუნქტი]
2023 წლის მონაცემით, ამ სფეროებში საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის პოლიტიკასთან მხოლოდ 43%-ს შეადგენს.
ეს შესაბამისობა გულისხმობს, რომ საქართველო საგარეო თუ უსაფრთხოების სფეროში იმავე პოლიტიკას ატარებს, რასაც ევროკავშირი, რაც გამოიხატება ევროკავშირის მიერ მიღებული დოკუმენტებისა თუ რეზოლუციების გაზიარებაში.
საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოებაში ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობა ბლოკში გაწევრიანებისთვის მნიშვნელოვანი პირობაა.
2. ებრძოლოს დეზინფორმაციას და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებს ევროკავშირსა და მის ღირებულებებზე [ახალი პუნქტი]
ერთ-ერთი დეზინფორმაციული ნარატივი, რომელსაც მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც ავრცელებენ, ირწმუნება, თითქოს ევროკავშირის პოლიტიკური წრეების ნაწილს საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევა სურს.
ასევე ხშირად ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანებით საქართველო „ტრადიციულ ღირებულებებს“ დაკარგავს.
3. უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა და შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ამ უწყებებთან დაკავშირებით
მსგავსი პუნქტი 2022 წლის 12 რეკომენდაციაშიც იყო.
4. გააუმჯობესოს ამჟამინდელი სამოქმედო გეგმა და დანერგოს მულტისექტორული, სისტემური მიდგომა დეოლიგარქიზაციის მხრივ, ვენეციის რეკომენდაციების შესაბამისად – გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შემდეგ, რომელშიც ჩართულნი იქნებიან ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება
სწორედ ამ, 12 რეკომენდაციიდან გადმოყოლილი პუნქტის მიმართულებით ელიან განსაკუთრებულ პროგრესს ბრიუსელში, ამბობს ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი.
დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციის შესასრულებლად მმართველმა პარტიამ უკრაინის კანონის მაგალითზე კანონპროექტი მოამზადა, რომელიც ითვალისწინებდა ოლიგარქების რეესტრის შექმნას. მაშინ მმართველ გუნდში თქვეს, რომ ეს კანონი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს არ შეეხება.
ვენეციის კომისიის შუალედური მოსაზრების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტში გარკვეული ცვლილებები შეიტანა და შეფასებისთვის ისევ ვენეციის კომისიაში გააგზავნა. ვენეციის კომისიამ საბოლოო მოსაზრება 12 ივნისს გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის კანონპროექტი ოლიგარქიული ზეგავლენის დამარცხებისთვის არაეფექტურია და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ნაცვლად ხარვეზიანი კანონპროექტის მიღებისა, საქართველომ ოლიგარქიულ ზეგავლენასთან ბრძოლაში სისტემური მიდგომა უნდა დანერგოს.
სექტემბერში „ოცნებამ“ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღო, მაგრამ დოკუმენტის შინაარსი უცნობია.
5. ჩაატაროს ყოვლისმომცველი რეფორმა სასამართლოში, პროკურატურაში და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში
მსგავსი პუნქტი 2022 წლის 12 რეკომენდაციაშიც იყო.
6. გააუმჯობესოს ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის ამბიციური სტრატეგიის დანერგვით; უზრუნველყოს შეკრების თავისუფლება; დაიწყოს მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიება მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ მუქარის შემთხვევაში და ძალადობაში დამნაშავენი, მათ შორის ორგანიზატორები, პასუხისგებაში მისცეს. კონსულტაციები გაიაროს სამოქალაქო საზოგადოებასთან და საშუალება მისცეს მათ ჩართვას საკანონმდებლო პროცესებში, უზრუნველყოს მათი თავისუფალი მუშაობა.
მსგავსი პუნქტი 2022 წლის 12 რეკომენდაციაშიც იყო.
7. უზრუნველყოს თავისუფალი, კონკურენტული და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, განსაკუთრებით 2024 წელს, და შეასრულოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები. დაასრულოს საარჩევნო რეფორმები, მათ შორის ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლების უზრუნველყოფა, არჩევნებამდე საკმაოდ ადრე.
2024 წლის ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.
8. დაძლიოს პოლიტიკური პოლარიზაცია, მათ შორის პარლამენტში ოპოზიციასთან უფრო ინკლუზიური საკანონმდებლო მუშაობით, განსაკუთრებით, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის საკითხებზე
პუნქტი პოლარიზაციის დაძლევაზე 2022 წლის 12 რეკომენდაციაშიც იყო.
9. გააუმჯობესოს საკვანძო ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, მათ შორის ცესკოში, ეროვნულ ბანკსა და კომუნიკაციების კომისიაში
ცესკოს 2024 წლის არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებელი უწყებაა.
რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, ინსტიტუტმა ცოტა ხნის წინ შეცვალა მიდგომა დასავლეთის დაწესებული სანქციების აღსრულების კუთხით. კერძოდ, ეროვნულ ბანკში განაცხადეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ფინანსური სანქციები ვერ გავრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, ვინაიდან ეს კონსტიტუციის დარღვევა იქნება. ეროვნულმა ბანკმა მიდგომა აშშ-ის მიერ ყოფილი გენპროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ შეცვალა.
რაც შეეხება კომუნიკაციების კომისიას, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში 27 ოქტომბერს აცხადებდა: „სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხრიდან მოვისმინეთ მრავალი ავტორიტეტული აქტორის შეშფოთება, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ საქართველოს მარეგულირებლის (კომუნიკაციების კომისიის) დამოუკიდებლობას“.
წყარო: “ნეტგაზეთი”
0
0
გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა დაიწყო
10/05/2025