08/10/2021
17:24
საზოგადოება
ნიკიტა ხრუშჩოვის კულტურული „დათბობის“ პერიოდში იგი „ახალი ტალღის“ წამომწყები აღმოჩნდა საბჭოთა კინემატოგრაფიაში. პირველ წარმატებას იგორ ტალანკინთან ერთად მიაღწია, ფილმით – „სერიოჟა“. დანელიას მორიგი კომედია – „33“, მაშინდელი „კაგებეს“ მეთაურის, ვლადიმირ სემიჩასტნის მიერ ანტისაბჭოურად იქნა მიჩნეული. მან წერილი მისწერა ცენტრალურ კომიტეტს, სადაც წერდა „...„33“ არის მცდელობა, დააკნინოს ყველაფერი, კოსმონავტის ფრენის ჩათვლით...“. გიორგი დანელიას 4 დაუსრულებელი წელი მოუხდა ლოდინი იმისთვის, რომ მორიგი ფილმის გადაღების შანსი გასჩენოდა. ეს გახლდათ ფილმი „არ დაიდარდო“. ამის შემდეგ კომედიები – „იღბლიანი ჯენტლმენები”, „აფონია“, „მიმინო“ (1977), აგრძელებენ მის წარმატებულ კარიერას. კომედიური ჟანრის პარალელურად, დანელიამ შექმნა მელოდრამა – „შემოდგომის მარათონი“. 1986 წელს ის იღებს ფანტასტიკას – „ქინ-ძა-ძა“. მსახიობმა ევგენი ლეონოვმა, რომელსაც გიორგი დანელიას არაერთ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული, ასე დაახასიათა რეჟისორი: „ჯერ ერთი, ის არის ნიჭიერი და თვითმყოფადი მხატვარი, ყოველთვის სხვადასხვანაირი და მოულოდნელი, იმათთვისაც კი, ვინც კარგად იცნობს და მეორე – ის, უბრალოდ, კეთილი ადამიანია: მისი ნიჭიც კეთილია და ფილმებიც. ყველა მათგანში ის ტოვებს სიკეთის ნაწილს, თავისი გულის ნაწილს და ადამიანებისადმი თავისი სიყვარულის ნაწილს”.
შეჩერებული „მიმინო“
ცნობილი კინორეჟისორი, ბატონი გია დანელია ასეთ კურიოზს ხშირად ჰყვებოდა: „ზამთარია, ნაახალწლევია და საპატიო მიზეზით (ახალი წელი) შეჩერებული „მიმინოს“ გადაღება განვაახლეთ, ინტენსიურად ვმუშაობთ. 7 იანვარს ფრუნზიკამ დამიმარტოხელა და მითხრა:
– გიორგი ნიკოლაევიჩ, სამი დღით ერევანში უნდა გამიშვა. ჩემი ცოლი ცუდადაა და მთხოულობსო.
რა უნდა მექნა, დრო მაშინაც ფული იყო, თანაც ვადებში უნდა ჩატეულიყავი, მაგრამ ფრუნზიკა მაინც გავუშვი იმ პირობით, რომ 10-ში დილით, აქ იქნებოდა. ფრუნზიკა წავიდა. მის გარეშე ვერაფერს გადავიღებდით და მეც თბილისში გავფრინდი, რომ ჩემები მომენახულებინა. რვაში საღამოს სოფიკომ (ჭიაურელმა) დამირეკა და მითხრა: ხვალ სერგო ფარაჯანოვის დაბადების დღეა და ჩემთან ერთად წამოდი. არ იცის, რომ აქ ხარ და სიურპრიზი გაუკეთე, გაუხარდებაო. მეორე დღეს, სერგოს დიდი ჯიხვის ყანწი ვუყიდე და მე და სოფიკომ მთაწმინდაზე „ავაჭერით“, სადაც ფარაჯანოვი ცხოვრობდა იტალიურ ეზოში. იმდენი ხალხი იყო, სუფრა პირდაპირ ეზოში გაეშალათ. რომ შევედით, ჩემგან ზურგით მჯდომი თამადა სომხურ-რუსულად მჭევრმეტყველებდა. აღნაგობა მეცნო, დავაკვირდი და აბა, ფრუნზიკა ვისში შემეშლებოდა? მივუახლოვდი, ჯიხვის ყანწით მოვაბრუნე და რომ დამინახა, ჭიქა ხელიდან გაუვარდა. მე კი მას ჯიხვის ყანწი ავუვსე, მივაწოდე და გადავუჩურჩულე:
– თუ დალევ, ფილმში დარჩები, თუ არა და, – სუფრას გადავხედე, – აი, რამდენი სომეხია, რომელიმეს ავიყვან-მეთქი. ფრუნზიკამ ლიტრიანი ყანწი გამოცალა და ფილმშიც დარჩა. კიდევ სამი დღე დავრჩით თბილისში და „მიმინოს“ გადაღება ამდენივე დღით შეჩერდა“.
ვრცლად იხილეთ: tbiliselebi.ge
0
0