23/11/2024
19:26
სპორტი
როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ერთა ლიგის B ჯგუფში დარჩენისთვის საქართველოს ნაკრების მეტოქე სომხეთი იქნება. პლეი-ოფების წილისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა.
პირველი მატჩი სომხეთში 2025 წლის 20 მარტს გაიმართება, განმეორებითს კი საქართველო 23 მარტს უმასპინძლებს.
- მოგეხსენებათ, უკრაინელი სპეციალისტი ალექსანდრ პეტრაკოვი სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ა.წ. ოქტომბრის ბოლოს დაითხოვეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ერთა ლიგის მეოთხე ტურში სომხეთმა საკუთარ მოედანზე 0:2 წააგო ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან.
პეტრაკოვი სომხეთის ნაკრებს 2023 წლის იანვრიდან ედგა სათავეში. 67 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა 18 მატჩი ჩაატარა, ოთხი მოიგო, ოთხი ფრედ დაასრულა და 10 წააგო.
სომხეთის საფეხბურთო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა არმენ ნიქოღოსიანმა ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის მოლაპარაკებებზე Fast Sports-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
"...შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ კანდიდატთა სიაში ლეგენდარული რაულიც გვყავს."ნოას" მთავარ მწვრთნელ რუი მოტაზე გავრცელებული ინფორმაცია კი ტყუილია", - თქვა ნიქოღოსიანმა.
რაც შეეხება საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების ჯამურ ღირებულებას ტრანსფერმარკტის მიხედვით - გერმანული გამოცემა ტრანსფერმარკტის მონაცემებით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ჯამური ღირებულება 178.10 მილიონი ევროა, ხოლო სომხეთის ნაკრების ფეხბურთელების ჯამური ღირებულება 42.15 მილიონ ევროს შეადგენს.
საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე ძვირადღირებულები მოთამაშე "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელიაა (80 მილიონი ევრო).
სომხეთის ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი კი "კრასნოდარის" შემტევი ნახევარმცველი ედუარდ ედურარდ სპერციანია (20 მილიონი ევრო).
შეგახსენებთ, პირველ მატჩში ჩვენს ეროვნულ გუნდს დისკვალიფიცირებული გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარებიან.
საქართველოს ნაკრები სომხეთს ერთა ლიგის C დივიზიონში 2020 წელს ორჯერ შეხვდა, პოლონეთის ქალაქ ტიხიში მატჩი ფრედ (2:2) დასრულდა, თბილისში კი 1:2 წავაგეთ. მაშინ ჯგუფში გამარჯვებულები ჩვენი მეზობლები გამოვიდნენ, მეორე ადგილზე ჩრდილოეთ მაკედონია გავიდა, მესამეზე საქართველო, მეოთხეზე კი - ესტონეთი.
სომხეთის ნაკრები ამა წლის 14 ნოემბერს С4 ჯგუფში საკუთარ მოედანზე ფარერებთან 0:1 დამარცხდა, აუტსაიდერი იყო და D ლიგაში დაქვეითება ემუქრებოდა, მაგრამ ბოლო ტურში რიგაში ლატვიას 2:1 მოუგო და საბოლოოდ მეორე პოზიცია დაიკავა. ამ გუნდს გადაყენებული უკრაინელის, ალეკსანდრ პეტრაკოვის ნაცვლად დროებით სურენ ჩახალიანი ხელმძღვანელობს.
0
0