საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვები კარგი პროცესია.
როგორც მან „დღის ქრონიკაში“ აღნიშნა, საქართველოს რამდენიმე ფლანგი უტევს.
„ეს არის აგენტურა, რომელიც არის წარმოდგენილი, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის სახით, გარკვეული ნაწილი და სარჩელი შემოიტანეს, შემდეგ აქ ცალკეული პარტიები, რადიკალები, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და ბოლოს გვირგვინი, მადამ პრეზიდენტი, რომელიც არის უცხო ქვეყნის ინტერესებში და მათ მესიჯებს ახმოვანებს.
კიდევ ერთხელ, ჩვენ რაც მოვისმინეთ, ეს არის წინარე, ასე ვთქვათ, მსჯელობა. საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს მიიღოს თუ არა საერთოდ განხილვაში. მე თუ მკითხავთ, კარგი იქნება, რომ მიიღოს, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ დემონსტრირება იქნება, რომ არანაირი არგუმენტი არ არსებობს. გამჭვირვალობა, ეს არის ცუდი? დაფარულობა და ფინანსების დამალვა, ვინ აფინანსებს, რა მიზნობრიობით, არის ევროპულობა? სად გაგონილა? ეს ხომ არ არსებობს. თქვენ ისმენდით ამ დღეების განმავლობაში აბსურდულ არგუმენტებს, რაც მოჰყავდათ როგორც ცალკეულ ექსპერტებს, ზოგ მოქმედ დეპუტატს, ზოგ ყოფილ დეპუტატს.
სამარცხვინო სიტუაციაში ჩაიგდეს თავი. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს წარმომადგენლებს, რომლებიც იცავენ, რომ გამჭვირვალობა, ეს არის დიახ, ქართველი ხალხის ინტერესებში. რა ფული შემოდის ქვეყანაში, ამასთან დაკავშირებით რომ საზოგადოებას ინფორმაცია ჰქონდეს, ამაში რა არის ცუდი? ამაში რა არის გაუგებარი? რომ წელიწადში ერთხელ ლომჯარიებმა და გიგაურებმა დეკლარაცია შეავსონ , ამაზე ვდავობთ? გაცილებით მკაცრი თვითონ ახლახან მიიღეს საფრანგეთის ზედა და ქვედა პალატაში. ამერიკაში უფრო მკაცრი კანონი აქვთ, კანადამ დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს სახელმწიფოები ნატოს და ევროკავშირის ქოლგის ქვეშ არიან, მათაც კი გაიაზრეს, რომ გამოწვევა დიდია და ამიტომ მიიღეს ეს კანონები“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
0
0