-share.jpg)
ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის უარის გამო, ევრონესტი ვერ მიიღებს რეზოლუციას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განმარტა, თუ რა ეწერა რეზოლუციის პროექტში.
"პროექტში ხაზგასმულია სამივე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობა და გაწევრიანების პროცესის დროულად წარმართვისა და მოლაპარაკების დაწყების აუცილებლობა. ასევე, დაგმობილია რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინაში, საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და გამოხატავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას.
აღნიშნულ ინიციატივას, საპარლამენტო ასამბლეის გუშინდელ სხდომაზე განსახილველად წარდგენისთვის, პროცედურის თანახმად, ესაჭიროებოდა საპარლამენტო დელეგაციებიდან 10 დეპუტატის ხელმოწერა. ინიციატივას მხარი დაუჭირა მოლდოვას დელეგაციის 3-მა დეპუტატმა, რომელიც იმყოფებოდა ბრიუსელში. უკრაინის დელეგაციის მხრიდან თავდაპირველი მხარდაჭერის მიუხედავად, უკრაინელმა დეპუტატებმა უარი თქვეს რეზოლუციის თანასპონსორობაზე და პროექტის წარსადგენად ხელმოწერაზე. ქართულ დელეგაციაში "ქართული ოცნების" 5 დეპუტატის გარდა, იყვნენ "ნაცმოძრაობისა" და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. მათ არაერთხელ ეთხოვათ რეზოლუციის პროექტის ინიციირების მხარდაჭერა, მიუხედავად ამისა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა რეზოლუციის პროექტის ინიციირებას ხელი არ მოაწერეს. შესაბამისად, მხოლოდ "ქართული ოცნების" 5 დეპუტატისა და მოლდოვას დელეგაციის 3 დეპუტატის გამოხატული მხარდაჭერა არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას განეხილა და მიეღო რეზოლუცია, რომელიც საგანგებოდ მიეძღვნებოდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს, მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად.
მიუხედავად ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებებისა, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ეს იყო კიდევ ერთი შესაძლებლობა, საერთაშორისო პარტნიორებისთვის გვეჩვენებინა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან საკითხთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია, რაც, როგორც ჩანს, რადიკალური ოპოზიციის მიზნებში არ ჯდება და ეს, როგორც ქართულმა, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იცოდეს," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
0
0