
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მიხეილ სააკაშვილის მედდის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„საზოგადოებამ ცნობილ ვიდეო კადრებში იხილა სააკაშვილის დამოკიდებულება სამედიცინო პერსონალის მიმართ. ეს შემაშფოთებელია და ძალიან სამწუხაროა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა პიროვნებასთან გვაქვს საქმე. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, რომ ეს ადამიანი იყო 9 წელი საქართველოს პრეზიდენტი. რა დამოკიდებულებაც ჰქონდა საქართველოს მოსახლეობის მიმართ თავის დროზე, ის დამოკიდებულება აქვს ახლა სამედიცინო პერსონალის მიმართ. ეს ძალიან სამწუხარო მოვლენაა“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც ცნობილია, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მედდამ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში გუშინ თქვა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებაზე განცხადება დაწერა, რადგან მისივე თქმით, იმ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ უძლებს, რომელიც მის მიმართ ხორციელდება.
“მე ვარ ექთანი, რომელიც ამ დროის განმავლობაში პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას. სასამართლოზე ბატონმა შალვამ მთელი მსოფლიოს წინ განაცხადა, რომ მე ვარ ის ექთანი, რომელიც იყო იმ კადრებში. იმ კადრებში სახე მაინც იყო დაფარული, ისეთი სტრესი იყო ჩემთვის ამის მოსმენა... კი ბატონო მე ვიყავი. ნივთებს ისროდა, ეს კადრებიდანაც ჩანს, რომც არ ვთქვა, ეს არავისთვის არ იქნება ახალი. საწოლიდან ვარდებოდა, პაციენტი იყო აღელვებული, ვცდილობდი დამეწყნარებინა, ვცდილობდი ამეწია საწოლის სახელურები, რომ არ გადმოვარდნილიყო, რაზედაც მივიღე უარი“, - აცხადებს სააკაშვილის მედდა ”იმედის კვირასთან" ინტერვიუში.
0
0