21/01/2025
23:01
საზოგადოება
ტრამპის პოლიტიკა და მთავარი გზავნილები თბილისში პოლიტიკური დისკუსიის თემაა. საუბარია ტრამპის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი. როგორც ოპოზიციურ სპექტრში აცხადებენ, შესაძლოა გენდერული პოლიტიკა ამერიკაში აქტუალური საკითხია, თუმცა საქართველოში ეს არასდროს ყოფილა აქტუალური.
"მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უამრავი დისკუსია იმართება, მაგრამ ჩვენ უნდა შემოვიფარგლოთ საქართველოში რა ხდება. კონკრეტულ კონტექსტთან დაკავშირებით შეიძლება იყოს განცხადება, რომელიც ემთხვევა ან არ ემთხვევა. ამერიკაში ეს გენდერული პოლიტიკა შეიძლება აქტუალური პოლიტიკური საკითხია, მაგრამ საქართველოში არასდროს ეს საკითხი არ ყოფილა აქტუალური ჩვენი ტრადიციიდან, კულტურიდან გამომდინარე," - ამბობს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი პაატა მანჯგალაძე.
ამასთან, ოპოზიციის თქმით, გენდერულ პოლიტიკაზე საუბარი საქართველოში აქტუალური საკითხი არ არის და, მათი თქმით, ეს პრობლემა "ქართულმა ოცნებამ" გამოიგონა."
"თუ ტრამპის ადმინისტრაცია რამენაირად "ქართული ოცნების" მესიჯებს იმეორებს ან პირიქით, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი უნისონში არიან ერთმანეთთან. საქართველოში "ქართულმა ოცნებამ" გამოიგონა პრობლემა, რომელიც არ არსებობდა. არავის არ სჭირდება იმის დამტკიცება, რომ ქალი ქალია და კაცი კაცია.
[ტრამპის] პიარტექნოლოგებმა რა გამოიგონეს, მე მაგაზე პასუხი არ მაქვს. რა აზრი აქვს ქალი ქალია, კაცი კაციას გამეორებას. თუ ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი მათთვის, კი ბატონო, იყოს მათთვის," - აღნიშნავს "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გიორგი ბუტიკაშვილი.
0
0