
“რა აზრი აქვს მანდატის დატოვებას, როცა ჩემს ნაცვლად ვერავინ შემოვა პარლამენტში, თუმცა, არც ისეთი თავმდაბლობით გამოვირჩევი - მანდატი პარტიის კი არა, ადამიანებისაა და მე ვარ რომან გოცირიძე ჩემი ინდივიდუალური წარსულით, პოლიტიკური ცხოვრებით, არავის დასამადლებელი პარლამენტში მანდატი ჩემთვის არ არის”, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
გოცირიძე ამბობს, რომ პარლამენტიდან მისი გასვლით როცა სიები ჩახსნილია, ოპოზიციის დასუსტებას შეუწყობს ხელს, რაც "ქართული ოცნების" ინტერესია.
„ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული ოპოზიციის მიერ. დღეს რომ სიები ღია იყოს, რასაც "ქართული ოცნება" არ გააკეთებს, რადგან არ უნდა პარლამენტში იყოს ძლიერი ოპოზიცია, 5 ადამიანი რომელიც შესაძლებელია პარლამენტში შემოსულიყო, არის ძალიან ძლიერი პოლიტიკოსი, არ დავასახელებ გვარებს, 5-ვე გამოადგებოდა პარლამენტს, ამიტომ კითხვა, პარლამენტს ხომ არ დატოვებთ, რა აზრი აქვს ამ შემთხვევაში, ოპოზიციის დასუსტებაა, როცა სიები ჩახსნილია და ჩემს ნაცვლად ვერავინ შემოვა პარლამენტში. თუმცა, არც ისეთი თავმდაბლობით გამოვირჩევი ამ შეკითხვასთან დაკავშირებით, რომ უყვართ ხოლმე თქმა, რომ ეს მანდატები მხოლოდ პარტიისა, პარტიის კი არა ადამიანებისაა და მე ვარ რომან გოცირიძე ჩემი ინდივიდუალური წარსულით, პოლიტიკური ცხოვრებით და არავის დასამადლებელო პარლამენტში მანდატი ჩემთვის არ არის“, - განაცხადა გოცირიძემ.
როგორც გოცირიძე აცხადებს, მან „ნაციონალური მოძრაობის" პარტიაში, პოლიტიკური საქმიანობის თვალსაზრისით, თავი ამოწურა და ამის მიზეზი იყო განსხვავებები პარტიაში, მათ შორის, "ის არათანმიმდევრულობა," რაც პარლამენტში პარტიის მუშაობას ეხებოდა.
მისივე თქმით, "ეს გაუგებრობა დღემდე გრძელდება“, თუმცა, გოცირიძე იმედს გამოთქვამს, რომ ფრაქციის უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას და აქტიურად ჩაერთვება საპარლამენტო მუშაობაში, რადგან, მისივე შეფასებით, ბოიკოტის პირობებში უმრავლესობა კომფორტშია.
რომან გოცირიძე საკანონმდებლო ორგანოში უფრაქციო დეპუტატის სტატუსით იმუშავებს.
0
0