16/08/2024
11:35
მედიცინა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოლო ორი წლის განმავლობაში მეორედ, "მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სპეციალისტები ამბობენ, რომ 2022-2023 წლებისგან განსხვავებით, წელს, "მაიმუნის ყვავილის“ გაცილებით საშიში შტამია გავრცელებული.
- ვირუსის ეპიცენტრი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაა, სადაც 14 000-ზე მეტი ადამიანია დაავადებული, დაღუპულთა რაოდენობამ კი 500-ს გადააჭარბა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, "მაიმუნის ყვავილის“ ახალი შტამი, გაცილებით მეტ სიკვდილიანობას იწვევს, ვიდრე მანამდე გავრცელებული ინფექცია.
"როიტერი“ წერს, რომ 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე აფრიკაში "მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების 17 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც წინა წლის მაჩვენებელს 160%-ით აღემატება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, დროულად მიიღონ დაავადების შესაჩერებელი ზომები.
"ნათელია, რომ კოორდინირებული საერთაშორისო რეაგირება აუცილებელია ამ აფეთქების შესაჩერებლად და სიცოცხლის გადასარჩენად“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტედროს გებრეიესუსმა. მისი თქმით, "მაიმუნის ყვავილის" აღმოჩენა და სწრაფი გავრცელება აღმოსავლეთ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაში, მისი აღმოჩენა მეზობელ ქვეყნებში, სადაც აქამდე "მაიმუნის ყვავილი" არ დაფიქსირებულა, და მისი შემდგომი გავრცელების პოტენციალი აფრიკასა და მის მიღმა, ძალიან შემაშფოთებელია”.
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის გარდა, "მაიმუნის ყვავილის" შემთხვევა დაფიქსირდა ბურუნდიში, კენიაში, რუანდასა და უგანდაში.
15 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მაიმუნის ყვავილის" ახალი, უფრო გადამდები ვარიანტის პირველი შემთხვევა დააფიქსირეს აფრიკის ფარგლებს მიღმა, ევროპაში, კერძოდ, შვედეთში. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული პიროვნება აფრიკაში დაავადდა, სადაც ახლა "მაიმუნის ყვავილის“ ახალი ვარიანტი სწრაფად ვრცელდება.
რა არის “მაიმუნის ყვავილი”?
ცხოველებისა და ადამიანის ვირუსული დაავადება, რომელიც უმეტესად გვხვდება ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში.
აღნიშნული ვირუსის სიმპტომებია ცხელება, თავის ტკივილი, შეშუპება, ზურგის ტკივილი, კუნთების ტკივილი, გამონაყარი, რომელიც თავდაპირველად ჩნდება სახეზე, ხოლო შემდეგ სხეულის სხვა ნაწილებსაც ედება. ყველაზე ხშირად გამონაყარი ჩნდება ხელისგულებსა და ფეხის ტერფებზე.
გამონაყარს ახასიათებს მწვავე ქავილი. დაზიანებებმა შესაძლოა, კანზე გამოიწვიოს ნაწიბურები. ადამიანის დასენიანება შესაძლებელია როგორც მაიმუნისაგან, ასევე დაავადებული ადამიანებისგანაც.
ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო შტამამდე "მაიმუნის ყვავილის" 100-დან 1 შემთხვევა იყო მომაკვდინებელი, ახალი შტამის შემთხვევაში გარდაცვალების შემთხვვევა 100-დან 4-ია.
0
0