
ქვეყანაში გარე ჩარევების ყველაზე ნათელი მაგალითი „მაკკეინის ინსტიტუტია“, სექტემბერში გამოაქვეყნა ანგარიში და რეკომენდაციები, ოპოზიციას როგორ ემოქმედა არჩევნების შემდგომ პერიოდში. როგორც ჩანს, სექტემბერშივე იცოდნენ, რომ არჩევნებს ოპოზიცია წააგებდა. არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე წინასწარ უნდოდათ საუბარი და უმართავი პროცესების დაწყებას წინასწარმეტყველებდნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი გეგმა არსებობდა.
„გახსოვთ, ყველაზე მტკივნეული თემა, როდესაც საკრალურ მსხვერპლზე საუბრობდნენ, ოპოზიციას, მათ რადიკალურ ჯგუფებს და პოლიციას შორის არაერთი დაპირისპირება მოხდა და რატომ მოხდა ისე, რომ ამას, მათდა სამწუხაროდ და ჩვენდა საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ათეულობით პოლიციელი და მოქალაქე დაშავდა, მსხვერპლი არ ყოფილა, თუმცა ისინი მსხვერპლს ითხოვდნენ. ამაზე საუბრობდა, მათ შორის, ოპოზიციაც, როდესაც საუბრობდა მცირე დანაკარგებზე. მადლობა უფალს და პოლიციას, ეს ყველაფერი მსხვერპლის გარეშე დასრულდა“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
მისი თქმით, წარმოსადგენია, კულუარებში რა ტიპის დავალებებზე, მითითებებზე და ტრენინგებზეა საუბარი, როდესაც ღიად აძლევენ ასეთ დავალებას ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს და მათ მიერ მართვად მედიებს.
„ჩვენ კარგად ვნახეთ ოპოზიციის მხრიდან არა მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის შექმნის მცდელობა, არამედ, მათ შორის, ეკონომიკური კრიზის მცდელობა. ოპოზიციასთან დაკავშირებული მართვადი ბიზნესების თითქოს გაფიცვა და მსგავსი განცხადებები. ორი ათასზე მეტი ბიზნესსუბიექტი დარეგისტრირდა, რომელიც მათ ჭკუაზე დადის – როდის გაიფიცონ და როდის იმუშაონ. თუმცა ეს ქვეყანაში მოქმედი ბიზნესსუბიექტების მხოლოდ ერთი პროცენტია. კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ მაშინაც და ახლაც ეს მიზანმიმართული ქმედება იყო, რომ ქვეყანა მაქსიმალურად დააზიანონ, მათ შორის, ეკონომიკა. ამ გეგმის ნაწილი იყო ცენტრალური მაგისტრალების დაკეტვის მცდელობა, რომ ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციისთვის ზიანი მიეყენებინათ. იგივე იყო ძალადობრივი, რადიკალური ჯგუფების მიერ რუსთაველის გამზირზე მოწყობილი აქციებიც, რომ გარკვეული პრობლემები ტურიზმს შეჰქმნოდა. ეს პრობლემები აისახა კიდეც დეკემბერში ეკონომიკურ ზრდაზეც. თუმცა ღია და ნათელია დავალებები, ღია და ნათელია რადიკალური ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები, თუ ვის ინტერესებს ემსახურებიან“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
0
0