
„გამარჯვების პლატფორმის“ კამპანიის ფარგლებში ქუთაისში, ბაგრატის ტაძართან გამართულ ღონისძიებაზე მოსახლეობას სიტყვით მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და გამარჯვების შემთხვევაში განსახორციელებელ გეგმებზე ისაუბრა.
„ვისაუბრებ ქუთაისზე, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ აქ გამარჯვებისთანავე. ქუთაისი გახდება საპარლამენტო დედაქალაქი და საქართველოს პარლამენტი დაბრუნდება ქუთაისში; ქუთაისი იქნება მთელი რეგიონის მთავარი საჰაერო ჰაბი არა მხოლოდ მგზავრების, არამედ სატვირთვო გადაზიდვებისთვის და ამას აუცილებლად თქვენთან ერთად გავაკეთებთ; ქუთაისს ექნება სწრაფი მატარებელი, რითაც დაუკავშირდება როგორც თბილისს, ბათუმს და რეგიონის მასშტაბით გავა სწრაფი მატარებელი; ქუთაისი იქნება ტექნოლოგიური ჰაბი, ნამდვილ ტექნოლოგიურ ჰაბს გავაკეთებთ, რომ ახალგაზრდები აქ დასაქმდნენ და საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ; ქუთაისს ექნება თანამედროვე დიდი საწარმოო-ინდუსტრიული პარკი და ყველა ის ტერიტორიაზე, რომელიც დღეს პირუტყვით არის დაკავებული, იქნება ქარხნები, საწარმოები, დასაქმდება ხალხი და იქნება დიდი განვითარება, აღმშენებლობა ამ ქალაქში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ამასთან, გიორგი ვაშაძემ „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებს მიმართა:
„თქვენ ხართ ის ფუნდამენტი, რომელზეც დიდი „გამარჯვების პლატფორმა“ უნდა ავაგოთ. თქვენ ხართ მთავარი ეროვნული ძალის ღერძი და მადლობა მინდა გითხრათ, რომ ამდენი ხანია, ასე მყარად დგახართ. მე ხომ ვიცი, სოფლებში, ქალაქებში, რაიონებში რამდენს გებრძვიან, რამდენი ვიღაც მოდის, ვიღაცას სურს, რომ დაგაშანტაჟოთ. რამდენჯერ მოსულან თქვენთან, ხან რაღაც გითხრეს, რაღაცას შეგპირდნენ, ხან დაგაშინეს, მაგრამ მყარად დგახართ. ცოტა დაგვრჩა და დიდ გამარჯვების გოლს გავიტანთ აუცილებლად. ამის პირობას ვდებთ თქვენ წინაშე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
0
0