
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ – დასაფრენი ბილიკის მშენებლობა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ახლა აქტიურ სამშენებლო ფაზაშია. ქუთაისის აეროპორტი სტრატეგიული მნიშვნელობით გამოირჩევა – წლიდან წლამდე საკმაოდ სწრაფად იზრდება როგორც მგზავრთნაკადი, ისევე ავიარეისების სიხშირეები. აეროპორტს აქვს უდიდესი მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკის, ასევე უშუალოდ ტურიზმის და ავიაციის სექტორების განვითარების კუთხით, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ის იქნება პირველი აეროპორტი საქართველოში, რომელიც დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში ინფრასტრუქტურის განვითარებას მუდმივად უზრუნველყოფს, რაც მათ გაძლიერებას ხელს უწყობს.
„ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხელს შეუწყობს აღნიშნული აეროპორტის შემდგომი განვითარებასა და გაფართოებას. აეროპორტი შეძლებს, მიიღოს კიდევ უფრო მეტი ავიარეისი და შეზღუდვის გარეშე მოემსახუროს დიდი ზომის საჰაერო ხომალდებს,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ახალი ასაფრენ – დასაფრენი ბილიკის ექსპლუატაციაში შესვლა ხელს შეუწყობს ქუთაისის აეროპორტის შემდგომ განვითარებას, მათ შორის, კარგო ტვირთების მიღება – დამუშავებას.
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებს, რომ შემოვიყვანოთ კიდევ უფრო მეტი ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ჩვენ გვაქვს შემდგომი განვითარების ხედვა სამგზავრო ტერმინალის განვითარების კუთხითაც, რომ აეროპორტმა უზრუნველყოს კიდევ უფრო მეტი მგზავრის გატარება მომდევნო წლების განმავლობაში. ამ ხედვის კვალდაკვალ ჩვენ მუდმივად და თანმიმდევრულად ვავითარებთ საჭირო ინფრასტრუქტურას, რომელიც ხელს შეუწყობს მეტი ავიარეისებისა და მეტი მგზავრის მიღებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში,“ – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
0
0