
„ვიზეარის“ თვითმფრინავში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დასტურდება. ამის შესახებ რადიო “სივრცის” პირდაპირ ეთერში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების შემოწმება დასრულდა და ისინი გაფრენის დარბაზში არიან განთავსებულები.
„აღნიშნული რეისი შესრულდება დღეს 19:00 საათზე. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სრულად დაუბრუნდა ოპერირების ჩვეულ რიტმს, რადგან უკვე განვაგრძობთ საჰაერო ხომალდების მიღებას. არცერთ სხვა რეისს არ ჰქონია შეფერხება და დაგვიანება. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საჰაერო ხომალდს, შესაბამისი სამსახურები ასრულებენ პროცედურებს და დარწმუნებული ვარ, ისინი თავად გააკეთებენ განცხადებას. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოცემული მომენტისათვის მიღებული ინფორმაცია არ დასტურდება“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ “სივრცის” ეთერში.
მისივე ინფორმაციით, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დანაყოფებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივად, თვითმფრინავის ბორტზე, რეისის ნომრით W66417, ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის ფაქტზე მიღებული შეტყობინების შესაბამისად, ოპერატიულად განახორციელეს პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა საჭირო და გადაუდებელი სპეციალური ღონისძიება.
აღნიშნულ რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება აღმოჩენილი არ ყოფილა. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება“.
ირაკლი ქარქაშაძემ მადლობა გადაუხადა ყველა უწყებასა და თანამშრომელს, დროული და ეფექტიანი საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარებისთვის, მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.
შეგახსენებთ, აფრენიდან რამდენიმე წუთში „ქუთაისი - ბარსელონას“ რეისი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. თვითმფრინავის უკან დაბრუნების მიზეზი გახდა მიწოდებული ინფორმაცია, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ.
0
0
რუსეთის პრეზიდენტი სექტემბერში ჩინეთში ჩავა
11/05/2025