-share.jpg)
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ქუთაისის N2 და ბათუმის N3 პენიტენციურ დაწესებულებებში ე.წ. ბუნტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, „აღნიშნულ დაწესებულებებში იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი და ამ დროისთვის, რამე არეულობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება“.
„სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს სიტუაციაზე დაკვირვებას და მზად არის, მომართვის შემთხვევაში გადაამოწმოს ყველა ინდივიდუალური შემთხვევა“, - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს სპეციალური პენიტენციური სამსახურიც. როგორც სამსახურში განაცხადეს, დაწესებულებაში განსაკუთრებულ ექსცესს ადგილი არ ჰქონია.
ცნობისთვის, დღეს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ქუთაისის ნომერ მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 50-მდე პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა. უფლებადამცველების თქმით, ისინი დროულ სამედიცინო დახმარებას, ადმინისტრაციის მხრიდან მეტ ყურადღებას და ამნისტიას მოითხოვდნენ.
0
0