დღეს უნდა გახდეს ცნობილი ოპოზიციის სამოქმედო გეგმა - კარვების მობილიზება უკვე რამდენიმე დღეა დაწყებულია. არჩევნებიდან მეცხრე დღეს ცნობილია მხოლოდ დაპირება და არა კონკრეტული გეგმა. ბარიერგადალახულ პარტიებში ამბობენ, რომ ისინი შედეგზე ორიენტირებულ პროტესტს, გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებების შეგროვებას და საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებას აპირებენ.
"ქუჩას არ აქვს ალტერნატივა და ქუჩაში თავგანწირულ ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, აქციები უნდა გაგრძელდეს იქამდე, სანამ ქვეყანას არ დავიბრუნებთ. ახლა ქვეყანა დავკარგეთ საბოლოოდ, იმიტომ, რომ როდესაც 1989 წლის 9 აპრილს სისხლით მოპოვებულ უფლებას, რომ "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს" და არჩევნებში შეგვეძლოს არჩევა/გადარჩევა ხელისუფლებების, ამ უფლებას გვართმევენ, სხვა გზა არ დაგვრჩენია", - განაცხადა პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა.
არჩევნების შედეგების გასაპროტესტებელ ფორმაზე, 3 პოლიტიკური გაერთიანება კონსულტაციებს ყოველდღიურ რეჟიმში მართავდა, შეხვედრებს არ ესწრებოდა გახარიას გუნდი, რომელიც აქციას უერთდება, კარვების გაშლის იდეას კი არ იზიარებს. თეონა აქუბარდიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აქციის ორგანიზატორები არ არიან, რა თქმა უნდა, მონაწილეობას მიიღებენ ყველა იმ აქციაში, სადაც, მისი თქმით, არჩევნებისადმი ნდობის გადარჩენის საკითხი დგას.
0
0