
პროკურორმა განაცხადა, რომ მე ჩამომყავდა, ვციტირებ, მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონები, საუბარი იყო რუსეთის ორი ყველაზე წამყვანი ჟურნალისტის ჩამოყვანაზე. მაშინ ეს ხალხი დაგვეხმარა რუსეთში საინფორმაციო ბლოკადის გარღვევაში, რადგან უკიდურესად დადებითი სტატია დაწერეს საქართველოზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, მის მიმართ წაყენებული ბრალდებები სამარცხვინოა.
„თქვენმა პროკურორმა განაცხადა, რომ მე ჩამომყავდა, ვციტირებ, მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონები. ვციტირებ ზოგიერთ ზნედაცემულ პროკურორს. იცით, ვისზე იყო საუბარი? საუბარი იყო 2010 წელს თუ 2009 წელს, ზუსტად არ მახსოვს, რუსეთის ორი ყველაზე წამყვანი ჟურნალისტის, ქსენია სობჩაკის და ქსენია სოკალოვას ჩამოყვანაზე. მაშინ ეს ხალხი დაგვეხმარა რუსეთში საინფორმაციო ბლოკადის გარღვევაში, რადგან უკიდურესად დადებითი სტატია დაწერეს საქართველოზე. ამათზე თქვეს, რომ ესენი იყვნენ მსუბუქი ყოფაქცევის ქალები, რომლებიც სააკაშვილმა გამოიწერაო. არ გრცხვენიათ, რომ ამაში მონაწილეობთ? არ გრცხვენიათ, რომ ასეთ ბრალდებებს ისვრით? ჩემი შვილიშვილები იამაყებენ და თქვენი შვილიშვილები იქნებიან სამუდამოდ შერცხვენილი. ეს 2012 წლამდე ხდება. მოგვეცა საშუალება, ჩვენი სიმართლის მიტანის და ამგვარად საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცების. რუსეთში იყო ერთი ამბავი ატეხილი, რომ კიდევ ხელახლა უნდა მომხდარიყო საქართველოში საომარი მოქმედებების განახლება. თქვენ დღეს ამას ასამართლებთ. ასამართლებთ იმას, რომ საქართველო დავიცავით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
0
0