
ქობულეთის პირველი საჯარო სკოლის ერთ-ერთ პედაგოგს მოსწავლე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი საკლასო ოთახში, გაკვეთილის მიმდინარეობისას მოხდა. ბიოლოგიის მასწავლებელმა მოზარდს ხელი დაარტყა. ძალადობის მოტივი, მოსწავლის მიერ საღეჭი რეზინის გამოყენება იყო.
ინციდენტის შემდეგ მშობელმა მანდატურის სამსახურს მიმართა, რაზეც ამ უკანასკნელს რეაგირება არ მოუხდენია.
სკოლის დირექტორი ძალადობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს, თუმცა მოსწავლესა და პედაგოგს შორის მომხდარ "უთანხმოებას" ადასტურებს.
"მოსწავლესაც აქვს რაღაც ინტერესი. ეს ბიჭი არის ჭკვიანი და ათიანს უწერს პედაგოგი, მასწავლებელმა მითხრა, მაგრამ არის მოუსვენარი, მოვკიდე სახეზე ხელი და შემოვაბრუნე, რომ მომისმინე შვილოო, ეს იყო მხოლოდ. ამის შემდეგ, არაფერი ისეთი არ მომხდარა. იმ კლასში არის, ალბათ, ვიღაცა - ცელქი, ონავარი, რომელმაც გამოიყენა ეს და ტელევიზიას შეატყობინა. მანდატურთან არ ყოფილა მშობელი... დაპირისპირება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, ზოგჯერ ბავშვი ისე გაგაგიჟებს, რომ იტყვი, არ ვიცი რას ვუზამო. წარმოიდგინეთ, რამხელა მოთმინება უნდა მასწავლებელს," - თქვა ნარგიზ რომანაძემ TV25-თან.
0
0