
„ოცნება“, რომელიც ქართველობასა და ტრადიციებზე გვესაუბრება, ერთსაც ივიწყებს და მეორესაც, როდესაც საქმე ძალაუფლებას ეხება - მოვუწოდებ „ოცნებას“ პატივი ეცით ქართულ იდენტობას, რომელიც მხოლოდ თქვენი სიყალბის გამართლებისას გახსენდებათ და გაათავისუფლეთ 71 წლის აფხაზეთიდან დევნილი აზა ჩილაჩავა! - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი, ქეთევან ბაკარაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, აზა ჩილაჩავა არ საჭიროებს არცერთი დიპლომატისგან წაქეზებას, თუ წახალისებას, რომ ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა და იზოლაცია გააპროტესტოს.
„ოცნება“, რომელიც ქართველობასა და ტრადიციებზე გვესაუბრება, ერთსაც ივიწყებს და მეორესაც, როდესაც საქმე ძალაუფლებას ეხება. გუშინ დააკავეს 71 წლის პენსიონერი ქალი, რომელიც გარდა იმ სირთულეებისა, რასაც პენსიონერები გადიან ჩვენს ქვეყანაში, 30 წელია ელოდება სახლს და საკუთარ ჭერს თავზე - ზუსტად ისე, როგორც ათასობით სხვა დევნილი ოჯახი. დაულუქეს თანხაც, რომელიც თან ჰქონდა - 2 ლარი 55 თეთრი. ალბათ ესეც იმ 45 ლარიდან შერჩენილი თანხაა, რასაც სახელმწიფო გასცემს თვიდან თვემდე დევნილებისთვის. ხოლო კორუმპირებულ საკუთარ თანაგუნდელებზე, რომლებმაც მათივე გამოძიებით მილიონობით ლარი მოჰპარეს სახელმწიფოს, გირაოს დასჯერდნენ.
აზა ჩილაჩავა, ოკუპაციის პირდაპირი მსხვერპლი, ერთხელ უკვე გამოაძევეს საკუთარი სახლიდან ომის, ტყვიისა და ძალადობის გამო. აზა ჩილაჩავა არ საჭიროებს არცერთი დიპლომატისგან წაქეზებას, თუ წახალისებას, რომ ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა და იზოლაცია გააპროტესტოს, როგორც ეს დღეს შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. ის არის მოქალაქე, რომელმაც ერთხელ უკვე დაკარგა სამშობლო და ამის შემდგომ ვინმეს უკვირს, რომ ომგამოვლილ პენსიონერ ქალს პროტესტი უჩნდება მსგავს უსამართლობაზე?! ასეთი ყალბია „ოცნება“ „ტრადიციულ ღირებულებებშიც“, რადგან, თუ რაიმეზე დგას ქართული თვითმყოფადობა, პირველ რიგში, ხანდაზმულების პატივისცემასა და მათზე ზრუნვაზე.
სახელმწიფომ უნდა შეუქმნას ჩვენს ხანდაზმულებს ისეთი პირობები, რომ აქციაზე დგომა და პროტესტი მათთვის გამოსავლის ერთადერთი გზა არ იყოს. მოვუწოდებ „ოცნებას“ - პატივი ეცით ქართულ იდენტობას, რომელიც მხოლოდ თქვენი სიყალბის გამართლებისას გახსენდებათ და გაათავისუფლეთ 71 წლის აფხაზეთიდან დევნილი აზა ჩილაჩავა!“- წერს ქეთევან ბაკარაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, აზა ჩილაჩავა სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით გუშინ დააკავეს. მას გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მან მშრალი შიმშილობა დაიწყო. ჩილაჩავა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში აქამდეც იყო მიცემული, თუმცა მას მაშინ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს.
0
1