
გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი რამდენიმე დღე სვანეთის ტყეში იყვნენ დაკარგულები, მათ სამშვიდობოზე გასვლა საკუთარი ძალებით მოახერხეს.
ახალგაზრდები ახლა ლენტეხში არიან. ოჯახებთან შეხვედრის შემდეგ ორივე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ფარჯიანი და გვიჩიანი, ახლა სამართალდამცავებს ჩვენებას აძლევენ. პოლიციაში მისვლამდე მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთეს
გოგიტა ფარჯიანის თქმით, ლენტეხში ქედით სურდათ გადასვლა, თუმცა იქ დათვი შეხვდათ და მარშრუტი შეცვალეს და ტყით განაგრძეს გზა, რის შემდეგაც ოთხი დღე გზაში იყვნენ.
"ქედით ვაპირებდით გადმოსვლას, 200 მეტრში შეგხვდა დათვი. ამის გამო ქედით გადმოსვლა გადავიფიქრეთ და ტყით წამოვედით, ვიარეთ ოთხი დღე. ტელეფონი დაგვიჯდა ორივეს. ეს იყო ჩვეულებრივი თავგადასავალი, კემპინგი. შიში არ გვქონია, ღამე კარავში ვიყავით. ახლა ჩამოვედით ტყით, პირველივე ოჯახს მაღაზია ვკითხე და იქ თქვეს, მგონი თქვენ გეძებენო" - ამბობს გოგიტა ფარჯიანი
გიორგი გვიჩიანის თქმით, ორდღიანი მარშუტის ნაცვლად 5 დღე იარეს
,,უბრალოდ გეგმები შეგვეცვალა და ორდღიანი მარშრუტის ნაცვლად ვიარეთ 5 დღე. დათვი შეგვხდა, მაგრამ გვერდი ავუარეთ. ქედზე უფრო მარტივად. უბრალოდ ახლა უკვე მჭირდება ახლობლებთან დარეკვა, რომ ვუთხრა, რომ ყველაფერი რიგზეა", - ამბობს გიორგი გვიჩიანი.
ცნობისთვის, ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ 112-ში შეტყობინება 24 ივლისს შევიდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი ზემო სვანეთიდან ლასილის უღელტეხილით, ქვემო სვანეთში, ლენტეხში გადადიოდნენ. მარშრუტი კვირას დაიწყო და წესით კვირასვე უნდა ჩასულიყვნენ, თუმცა ორშაბათს მათთან კონტაქტი გაწყდა. კონტაქტის გაწყვეტამდე კი დაკარგულმა ახალგაზრდებმა ახლობლებთან დარეკვა მოასწრეს. ოჯახის წევრებს ვიდოჩანაწერებიც გადაუგზავნეს და აჩვენეს, თუ სად იმყოფებოდნენ იმ დროს.
დღეს დილიდან სამძებრო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
0
0