
„ქაშმირში, ფქვილისა და ელექტროენერგიის ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს სამი ადამიანი დაიღუპა და 100 დაშავდა,“ - განაცხადა პაკისტანის ხელისუფლებამ.
ქაშმირში, საპროტესტო აქციები უკვე მე-5 დღეა, რაც მიმდინარეობს. ათასობით ადამიანი ქუჩებში ფქვილისა და ელექტროენერგიის ფასების გაძვირებას აპროტესტებს.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა მოსახლეობას 23 მილიარდი რუპიის ($83 მილიონი) ღირებულების სუბსიდიების გაცემა შესთავაზა, თუმცა პრემიერ-მინისტრმა არეულობის ჩახშობა ვერ შეძლო.
საპროტესტო აქციების გააქტიურების გამო ხელისუფლებამ მობილური სერვისები შეწყვიტა. ასევე შეჩერებულია სკოლები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ბიზნესი.
შიდა არეულობა საპროტესტო აქციების ლიდერების დაკავებამ გაამწვავა. ხელისუფლებამ რეგიონის დედაქალაქ მუზაფარაბადში გასამხედროებული ჯგუფები, ე.წ. რეინჯერები, გაგზავნა.
გავრცელებული ინფორმაციით, „რეინჯერებმა“ მომიტინგეების მიმართ ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
„სამი დაღუპულიდან ორი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა,“- იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“.
პაკისტანის მიერ ადმინისტრირებული ქაშმირი, თავისი რეგიონალური მმართველობით, ნახევრად ავტონომიური რეგიონია. ქაშმირი, 70 წელზე მეტია, ინდოეთსა და პაკისტანს შორის კონფლიქტის წყაროა. დელი და ისლამაბადი ჰიმალაის რეგიონზე სრულ პრეტენზიას აცხადებს.
0
0