22/05/2023
00:02
პოლიტიკა
ვალერი კვარაცხელია სოცილურ ქსელში წერს:
,,
ირაკლი ღარიბაშვილი ნობელის პრემიაზე!
საქართველოს მოქალაქეებო, თანამემამულენო!
ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი შინაური მტრები აქტიურად ცდილობენ ყურადღება პოლიტიკის მეორეხარისხოვან დეტალებზე გადაიტანონ, მაგრამ ზღვარსგადასული მათი აგრესიული მოქმედებებიდან ჩანს, რომ ომის საშიშროება არსად წასულა, პირიქით, მწვავდება. ამიტომ, უმთავარესი საზრუნავი მშვიდობის შენარჩუნებაა.
ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ომი თუ გაჩაღდა, იგი ელვის სისწრაფით მოედება მთელ კავკასიას, აქედან კი ალბათ მსოფლიო მასშტაბსაც მიიღებს.
ეს რომ არ მოხდეს, ამისთვის იღწვის საქართველოს დღევანდელი მთავრობა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში მშვიდობის გადარჩენის საქმეში განუზომელია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის როლი. იგი მკერდით აღუდგა ჩვენი ქვეყნის გარეთ თუ შიგნით მოქმედ პროვოკატორებს და სიცოცხლისა და საკუთარი ოჯახის რისკის ფასად ცდილობს და აღწევს კიდეც მშვიდობის შენარჩუნებას, რითაც უზარმაზარი წვლილი შეაქვს კაცობრიობისთვის გლობალური ომის აცილების ჰუმანურ საქმეში. მან მილიონობით დედა იხსნა შვილების გამო ძაძებით შემოსვის
საშინელებისგან.
ვფიქრობ, რომ ამ განსაკუთრებული ღვაწლისთვის ქართველმა ხალხმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა წარადგინოს საერთაშორისო უმაღლეს ჯილდოზე – ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში.
პატივისცემით,
ვალერი კვარაცხელია
21 მაისი, 2023 წ.”
0
0