16/03/2023
16:42
პოლიტიკა
ვანო მერაბიშვილის გააქტიურება, სავარაუდოდ, მის პოლიტიკაში მოსვლას უკავშირდება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, არაფერი არაბუნებრივი და განსაკუთრებული ამაში არ არის.
„პირიქით, საქართველოში რომ არ აქტიურობს და სხვა ქვეყნიდან აქტიურობს, ეს არის ცოტა ისეთი, თორემ დანარჩენი ძალიან ბუნებრივია. ადამიანი თუ პოლიტიკაში მოსვლას აპირებს, საჯარო სივრცეში უნდა იაქტიუროს, აბა, რა უნდა ქნას. ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა წარმატებული მერაბიშვილის აქცია. ზოგადად, ჩემი პოზიცია მაქვს, რომ, როგორც წესი, ამ ქვეყანაში პოლიტიკოსები აქციის დამშლელად გამოიყენებიან. პირველ რიგში, ყველა პოლიტიკოსს ვუსურვებდი, რომ არ იქნას გამოყენებული აქციების დამშლელად, თორემ პარტიული აქციების ნაკლებად მჯერა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ერთ-ერთ უკრაინულ არხთან, Freedom TV-სთან ინტერვიუში განაცხადა: მრავალი წელი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ცდილობდნენ, სპონტანურად დაწყებული მიტინგები არ განევითარებინათ. ახლა პარტია აღდგენის გზაზეა. ვიმედოვნებ, დავინახავთ რეალურ პროტესტს ქუჩაშიც“.
0
0