
პირველად ხდება საქართველოს ისტორიაში ასეთი სამარცხვინო ფაქტი, როდესაც ჩვენს მთავარ პარტნიორს და ჩვენი სტაბილურობის მთავარ გარანტს, საქართველოში უწევს მოსამართლეების დასანქცირება, მაშინ, როდესაც ჩვენ წინა ხელისუფლებაც კი ამ მოსამართლეების შეცვლის მოტივით შევცალეთ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, „პროცესი გაგრძელდება და საბოლო ჯამში, საბოლოოდ გამოუთხრის ძირს დღევანდელი სასამართლოს ლეგიტიმაციას“.
„წინა ხელისუფლებიდან გამოყოლილი ნარჩენი, ნაგავი სასამართლოში დღემდე დარჩა და საბოლოო ჯამში, ამ ქვეყნის მომავლის განვითარებას უშლის ხელს, ამტერებს თავის ქვეყანას, სანქცირებულს ხდის მთავარი პარტნიორისგან და ჩვენს ინტერესებს უპირისპირებს ჩვენი მთავარი პარტნიორის ინტერესებს. ვისაც ოდნავ საღი აზრი მოეკითხება სასამართლო სისტემაში ალბათ მიხვდება, რომ ეს პროცესი ასე არ დამთავრდება. პროცესი გაგრძელდება და საბოლო ჯამში, საბოლოოდ გამოუთხრის ძირს დღევანდელი სასამართლოს ლეგიტიმაციას. სასამართლოს, რომელსაც მთავარი პარტნიორები ასანქცირებენ, მათ მოსამართლეებს არ უშვებენ ამერიკის ტერიტორიაზე და სადამდე მივა ეს პროცესი კაცისშვილმა არ იცის. არანაირი უფლება არ გააჩნიათ ქართველი ხალხი გაასამართლონ და ციხეში გაუშვან. ქართველი ხალხი მურუსიძე-ჩინჩალაძის გასასამართლებელი არ არის. მით უმეტეს, ამ ფაქტის შემდეგ მთელი სამყაროსთვის ცხადია, რომ ჩვენ არ უნდა ვიმეტებდეთ საკუთარ მოქალაქეებს ამ ჯალათებისთვის. ეს გზავნილი არის ქართველი ხალხის მიმართ, ქართული ბიუროკრატიის მიმართ და ძალოვანი უწყებების მიმართ. ნუ ჩავყვებით „ქართულ ოცნებას“ საფლავში თორემ გასაქცევიც არ გექნებათ დასავლეთში. მურუსიძე-ჩინჩალაძეს უთხრეს, რომ თქვენ უკვე შეგიძლიათ, მხოლოდ ჩრდილოეთისკენ გაიქცეთ. დასავლეთისკენ თქვენი გზები იკეტება“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისთვის, აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.
0
0