საქართველოს სამბოს ფედერაციაში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ მსოფლიო ჩემპიონები ნინო ოძელაშვილი და ელენე ქებაძე, - რომლებიც, BRICS-ის თამაშების საიტის თანახმად, ყაზანში ჩემპიონატში მონაწილეობენ, - რუსეთში არ წასულან.
BRICS-ის 2024 წლის თამაშების ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, საქართველოდან შეჯიბრებაში მონაწილეობენ ქართველი სამბისტები ნინო ოძელაშვილი და ელენე ქებაძე. თუმცა ეს ინფორმაცია არ დასტურდება.
„ორივე სპორტსმენი საქართველოშია და არსად წასულა. ასეთ რაღაცაზე არცერთი ნორმალური ქართველი არ წავა, მით უმეტეს ჩვენი სპორტსმენები“, - აცხადებენ სამბოს ფედერაციაში.
ცნობისთვის, ყაზანში „ბრიკსის თამაშები“ 12 ივნისს გაიხსნა.
თამაშებში მონაწილეობას იღებენ სპორტსმენები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან.
ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე, სადაც მონაწილეებს ვიდეოჩართვით მიმართა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, მონაწილეთა შორის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებთან ერთად, საქართველოც გამოაცხადეს. მიიტანეს საქართველოს დროშაც.
0
0