
„7 მარტს, საქართველოს ხელისუფლებამ, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. აქციის მონაწილეების აზრით, კანონპროექტის მიღება პრესის თავისუფლების ჩახშობას ნიშნავს,“ - წერს Associated Press-ი.
„კანონპროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, ის არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ, უნდა დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური გავლენის აგენტები“.
საერთაშორისო ორგანიზაციებმა კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს და განაცხადეს, რომ აღნიშნული დოკუმენტი ეწინააღმდეგება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. თბილისში, „უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ კანონპროექტის გასაპროტესტებლად, ათასობით ადამიანი დღეების განმავლობაში იკრიბება. დაპირისპირება მოხდა დეპუტატებს შორის.
პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაშავებულია რამდენიმე სამართალდამცველი, ასევე აქციის მონაწილეები. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ვეტოს დაადებს კანონპროექტს, თუმცა მისი ავტორები ამბობენ, რომ აღნიშნული დოკუმენტი საჭიროა უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლების მიერ დაფინანსებული სუბიექტების მუშაობის გამჭვირვალობისთვის. პარლამენტს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა შეუძლია.
რუსეთში, „უცხოელი გავლენის აგენტების“ შესახებ კანონი ხშირად გამოიყენება ორგანიზაციებისა და საინფორმაციო საშუალებების დახურვისთვის, რომლებიც აკრიტიკებენ მთავრობას. ქართველმა სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის ორივე შესასვლელი გადაკეტეს და სკანდირებდნენ:
„არა რუსეთის კანონს!“ "რუსებო!" „მონებო!“ ევროკავშირმა გააფრთხილა საქართველო, რომ ამ კანონის მიღებით ის აფერხებს ბლოკში ოდესმე გაწევრიანების პერსპექტივას,“ - წერს გამოცემა.
0
0