14/03/2022
13:57
პოლიტიკა
იაგო ხვიჩიამ სიტყვით გამოსვლისას, ასევე, შეაფასა პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა და სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს „მწვავე“ უწოდა.
დეპუტატის თქმით, ზურაბიშვილს განცხადებები ძალიან სწორი და საჭიროა.
„ფაქტობრივად, სიტყვა რაც მომზადებული მქონდა და ძირითადი მესიჯები, რაც მინდოდა მეთქვა, ამ დარბაზში უკვე გაჟღერდა ქალბატონი პრეზიდენტის მიერ, რის გამოც მინდა მას მადლობა ვუთხრა. მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტის ამ მწვავე განცხადების შემდეგ, რომელიც თან თავისი შინაარსით შემრიგებლურია და ჩვენ, აქ მყოფ ადამიანებს, შერიგებისკენ მოგვიწოდებს, არ იქნება, პირველ რიგში „ქართული ოცნების“ მიერ აღქმული, ისე, რომ პრეზიდენტს ამის გამო „ნაცობა“ დაჰბრალდეს და ჩვენ მოვისმინოთ ისევ ის ბრალდებები, რომლის საწინააღმდეგოდაც იყო პრეზიდენტის გამოსვლა“, - განაცხადა ხვიჩიამ.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შეფასების შემდეგ, უკრაინასა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე ისაუბრა.
მისი თქმით, ზელენსკი თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის მთავარსარდალია და ის, როგორც გმირი, ისე ებრძვის ბოროტებას.
„ჩემი დღევანდელი გამოსვლა, მე მინდა უკრაინის პრეზიდენტის მიმართ დავგეგმო. პრეზიდენტის მიმართ, რომელიც მე ვფიქრობ, რომ თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის მთავარსარდალია. პრეზიდენტი ზელენსკი ჩემნაირი ადამიანების მთავარსარდალია. დარწმუნებული ვარ თქვენნაირი ადამიანების მთავარსარდალიც არის. დარწმუნებული ვარ, ამ დარბაზში როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან, არსებობენ ადამიანები, რომლებიც გულწრფელად გულშემატკივრობენ უკრაინას და პრეზიდენტ ზელენსკის. ადამიანს, რომელიც ახლა, როგორც გმირი, ისე ებრძვის ბოროტებას.
ჩვენ ამ ბოროტების შესახებ ბევრი რამ ვიცით. ჩვენ მინიმუმ 200 წელია რუსეთს ფაქტობრივად თავგანწირულად ვებრძვით. ამ 200 წლის განმავლობაში არ ყოფილა 20 წელიც კი, როცა რუსეთს ჩვენთვის ძალიან მტკივნეულად არ დაეშავებინოს რამე. ჩვენ, ქართველ ხალხს არაფერი არ დაგვიშავებია ისეთი, რომ ამ მძიმე დროს, უკრაინისთვის, საქართველოსთვის, მთელი სამყაროსთვის, ელჩის გაწვევა იყოს ერთადერთი გამოსავალი.
მე მინდა, რომ მიუხედავად გაბრაზებისა, მიუხედავად ემოციისა, მიუხედავად ბევრი არასწორი განცხადებისა, მიუხედავად ჩვენი ჩხუბისა, მაშინ როცა ამის დრო არ არის, ვთხოვო უკრაინის ხელისუფლებას ნუ ჩააგდებენ საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში, ახლა, მაშინ, როდესაც ჩვენ ძალიან გვჭირდება უკრაინელი ხალხის დახმარება და თანადგომა, ისევე როგორც პირიქით. მინდა, კიდევ ერთხელ გთხოვოთ ნაკლები აგრესია გამოამჟღავნოთ სქართველოს პრეზიდენტის გაბედული სიტყვების მიმართ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
0
0