როგორც BBC-ი წერს, საქართველოს ოპოზიის ლიდერებმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანს დევიდ კამერონს მოუწოდეს, დაარწმუნოს მმართველი პარტია, რომ საერთაშორისო საზოგადოება ერთად ეწინააღმდეგება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს, რომელსაც პარლამენტი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მიიღებს.
კანონპროექტს "რუსულ კანონს" უწოდებენ, რადგან ის იმ კანონმდებლობის მსგავსია, რომელსაც კრემლი იყენებს საკუთარი კრიტიკოსების გასაჩუმებლად. ასევე ოპოზიის ლიდერებმა გაერთიანებულ სამეფოს მოუწოდეს, რომ ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში პოლიციის მიერ სამოქალაქო საზოგადოების დარბევა უფრო მწვავედ გააკრიტიკოს.
აშშ-ისგან განსხვავებით, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, დიდმა ბრიტანეთმა უფრო ფრთხილად გამოხატა პროტესტი. გასულ კვირას გამოქვეყნებულ წერილობით პასუხში, ევროპის საკითხებში მინისტრმა ნუსრათ ღანიმ განაცხადა, რომ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა "პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან ბოლო შეხვედრების დროს, შესაბამისად დააფიქსირა ჩვენი შეშფოთება ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით". ნუსრათ ღანის თქმით, მან ეს საკითხი გასულ თვეში თავად განიხილა საქართველოს ელჩთან ერთად.
ნუსრათ ღანის სხვა საჯარო განცხადებები სოციალურ მედიაში 10 დღის წინ გამოქვეყნდა, რომლებშიც ხაზგასმულია "თბილისის ქუჩებში შეკრებილი მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებული გამოყენება", რაც, მისი თქმით, "არ შეესაბამება დემოკრატიულ ღირებულებებს და რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს".
თუმცა ქართველ ოპოზიციონერ დეპუტატებს სურთ, რომ ნუსრათ ღანიმ და საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა ბევრად უფრო კრიტიკული განცხადებები გააკეთონ.
დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების სამინისტროს პრესსპიკერმა BBC-ს განუცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი "სერიოზულად არის შეშფოთებული" „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის გამო.
„ღრმად შემაშფოთებელია პოლიციის მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენება. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ თავშეკავება გამოიჩინოს.
„გაერთიანებული სამეფო აგრძელებს თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან და თბილისში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან. ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, ჩვენმა ელჩმა შესაბამისად დააფიქსირა ჩვენი შეშფოთება საქართველოს მთავრობასთან, 22 აპრილს კი - პრემიერ-მინისტრთან,“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების სამინისტროს პრესსპიკერმა.
0
0