
„ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც ინერგება საქართველოდან გასვლის აკრძალვა, როგორც სოციალური დაცვის ღონისძიების ერთ-ერთი სახე.
სისხლის სამართლის კოდექსში მომზადებული ცვლილებები პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტის სახით მომავალ კვირას ბიუროს სხდომაზე წარედგინება, რაც ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის საკითხებს ეხება.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მოქმედ კოდექსს ემატება ახალი თავი, რომელიც დეტალურად დაარეგულირებს საქართველოდან გასვლის აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხებსა და თავისებურებებს. კანონპროექტში ნათქვამია, რომ საქართველოდან გასვლის აკრძალვა სოციალური დაცვის ღონისძიებაა და მისი მიზანია, პირის მიერ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის თავის არიდების პრევენცია.
ინიციატორები განმარტავენ, რომ საქართველოდან გასვლის აკრძალვა ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი მოვალეა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი დაზარალებულს აუნაზღაუროს გონივრულ ვადაში და არ დატოვოს საქართველოს ტერიტორია.
რაც შეეხება უშუალოდ ცვლილებებს, პროექტით, საქართველოდან გასვლის აკრძალვის ვადა განისაზღვრება ჩადენილი დანაშაულის კატეგორიისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლობის გაქარწყლებისთვის დადგენილი ვადის გაორმაგებით. კერძოდ, პროექტით, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის 6 წელი იქნება, მძიმე დანაშაულისთვის – 12, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის – 16 წელი.
„საქართველოდან გასვლის აკრძალვა შეიძლება დაინიშნოს სასჯელის ან პირობითი მსჯავრისგან დამოუკიდებლადაც. ასევე, თუ პირი სასჯელისგან სრულად გათავისუფლდება. ამასთანავე, საქართველოდან გასვლის აკრძალვის დანიშვნა შეიძლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ჩადენილი დანაშაულისთვის სოციალური დაცვის ღონისძიებად არ არის მოცემული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებულ შესაბამის მუხლში. კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებით, საქართველოდან გასვლის აკრძალვა აღსრულდება ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებითაც“, – ნათქვამია პროექტში.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოდან გასვლის აკრძალვის საფუძველი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლი იქნება.
„მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოდან გასვლის აკრძალვის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, დანაშაულის შემდგომ ქცევას, მის მზაობას, რათა გონივრულ ვადაში აანაზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს.
კანონში გაწერილი იქნება ის შემთხვევები, როდესაც არ ხდება საქართველოდან გასვლის აკრძალვის დანიშვნა. კერძოდ: დაზარალებული თუ წერილობით უარს განაცხადებს მისთვის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე თუ დანაშაულის ჩადენის შემდეგ პირის შერაცხადობა გამოირიცხება სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოდან გასვლის აკრძალვის მოხდა შეჩერდება მის გამოჯანმრთელებამდე. რაც შეეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც დანაშაულის განხორციელებაში ერთზე მეტი პირი მონაწილეობდა, მათ ეკისრებათ ზიანის სოლიდარულად ანაზღაურების ვალდებულება, – აღნიშნულია პროექტში.
კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება მუხლი, რომელიც პირს აძლევს შესაძლებლობას, გათავისუფლდეს საქართველოდან გასვლის აკრძალვის მოხდისგან, თუ იგი დააკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) მსჯავრდებულმა სრულად აანაზღაურა ზიანი; ბ) დაზარალებული წერილობით უარს განაცხადებს მისთვის ზიანის ანაზღაურებაზე; გ) დაზარალებული თანახმაა, რომ მსჯავრდებულს მოეხსნას საქართველოდან გასვლის აკრძალვა და გაურიგდება მას ზიანის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებზე. ნასამართლობის მოხსნა ან გაქარწყლება არ გაათავისუფლებს პირს საქართველოდან გასვლის აკრძალვის მოხდისგან.
0
0