
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის პორტი „მოკლა“.
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დღეს „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ყოველდღიურად ანადგურებს და კლავს ანაკლიის პორტის მშენებლობის პერსპექტივასაც კი.
„ივანიშვილის რუსული რეჟიმი არის შეშინებული ამერიკის შეერთებულ შტატებში, სენატსა და კონგრესში დაწყებული განხილვების გამო. განიხილება აშშ-ის თანამონაწილეობა და მათი როლი საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებსა და ამერიკული სახელმწიფოს თანამონაწილეობის სურვილი ანაკლიის პორტში, რაც გამოხატული იყო ანაკლიის კონსორციუმთან თანამშრომლობით, ამერიკული კომპანიების სახით, თუმცა ივანიშვილმა მოკლა ანაკლიის პორტი. უკვე მეშვიდე წელია, რაც ანაკლიის კონსორციუმს აღარ აქვს შესაძლებლობა ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში იყოს ჩართული. ამის პარალელურად დღეს „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ყოველდღიურად ანადგურებს და კლავს ანაკლიის პორტის მშენებლობის პერსპექტივასაც კი. ჩვენ ვხედავთ, წლების განმავლობაში, ივანიშვილი და მისი რუსული რეჟიმი პერიოდულად ჩააყენებს ორ-სამ ტრაქტორს ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე და ატყუებს საზოგადოებას თითქოსდა რაიმე ტიპის რეალური სამუშაოები მიმდინარეობს. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ანაკლიის პორტი წლების წინ უნდა ყოფილიყო დამთავრებული და ამას ხელი შეუშალა ბიძინა ივანიშვილმა, რაც არაერთგზისაა დადასტურებული, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერების განცხადებებით. ივანიშვილი ფაქტობრივ მოცემულობასა და პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. მათ დღეს ეშინიათ ამერიკის შეერთებული შტატების იმ ტიპის პოლიტიკური გადაწყვეტილებების, რომელიც საბოლოო წერტილს დაუსვამს ამ საკითხს და ივანიშვილს დააკისრებს პასუხისმგებლობას ანაკლიის პროექტის ჩაგდებასა და მის არ აშენებაზე. მე მაქვს დოკუმენტი, ეს არის იუსტიციის სამინისტროს მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება, კომპანია „White and case-თან“, რომელიც არის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი პარიზში, საარბიტრაჟო სასამართლოში, სადაც „ქართულ ოცნებას“ 72 მლ ლარამდე აქვს გადახდილი. ამ ხელშეკრულების ფარგლებში „ქართულმა ოცნებამ“ გაძარცვა საქართველოს ბიუჯეტი და 72 მლნ ლარი გადაიხადა არაფერში, იმისთვის, რომ მოეკლათ ანაკლიის კონსორციუმის მიერ დაწყებული პროექტი და ანაკლია ვერ აშენებულიყო. ეს დოკუმენტი ასახავს ცალსახად, რომ ის კომპანია, რომელმაც პარიზში საარბიტრაჟო მომსახურება გაუწია ივანიშვილის რეჟიმს, მისთვის გადარიცხულია 72 მლ ლარი. ჩვენი პოზიცია ნათელია, მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტები, რომელიც აღადგენს საქართველოს ეკონომიკას, მათ შორის, იქნება ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საყრდენი, უნდა აშენდეს ისეთ პარტნიორებთან ერთად, როგორიცაა აშშ. ივანიშვილმა რუსული დავალებით ჩააგდო ანაკლიის მშენებლობა. მთავარი დაპირება არის ის, რომ ჩვენ ავაშენებთ ანაკლიის პორტს, ჩვენს ნამდვილ რეალურ დასავლელ პარტნიორებთან ერთად. „ქართულმა ოცნებამ“ კი გასცეს პასუხი ამ 72 მლნ ლარიდან რამდენი დახარჯა ანაკლიის პროექტის მკვლელობისთვის“, - განაცხადა კუპრაძემ.
0
0