01/05/2024
11:22
საზოგადოება
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალებმა, 30 აპრილს, ღამით, პარლამენტის წინ შეკრებილი მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და ხელყუმბარები გამოიყენეს. პროტესტის გამძაფრება დეპუტატების მიერ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა განხილვამ გამოიწვია. აღნიშნულ კანონპროექტს ოპოზიცია და დასავლური ქვეყნები ავტორიტარულს და რუსეთის მიერ ინსპირირებულს უწოდებს,“ - წერს Reuters-ი.
„Reuters-ის თვითმხილველების თქმით, ზოგიერთი პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა მომიტინგეებს, რომლებიც მათ კვერცხებსა და ბოთლებს ესროდნენ, მანამდე კი პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და ხელყუმბარები გამოიყენა, რათა საბჭოთა პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი დემონსტრანტები დაეშალა.
საქართველოს უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა X-ზე, სისხლიანი სახით და დალურჯებული თვალით, საკუთარი სურათი გამოაქვეყნა. პარტიის წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ თბილისის ცენტრიდან გაუჩინარების შემდეგ, ის პოლიციამ სცემა.
პარლამენტის წინ დარბევის შემდეგ, დაახლოებით ორი ათასმა მომიტინგემ თბილისის მთავარი რუსთაველის გამზირი კაფეების მაგიდებითა და ნაგვის ურნებით გადაკეტა. ისინი პოლიციას "მონებად" და "რუსებად" მოიხსენიებდნენ. მანამდე, სპეცრაზმმა წიწაკის სპრეი და ხელკეტები გამოიყენა მომიტინგეების დასაშლელად, რომლებიც ცდილობდნენ, რომ პარლამენტის უკანა შესასვლელიდან დეპუტატებისთვის გზა გადაეჭრათ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ხელისუფლების აშკარა მტერმა, რომლის უფლებამოსილებები ძირითადად ცერემონიალურია, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ ხალხი „სრულიად დაუსაბუთებლად, არაპროვოცირებულად და არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაარბიეს“, რადგან პროტესტი მშვიდობიანი იყო.
„კანონპროექტმა ღრმად პოლარიზებულ სამხრეთ კავკასიის ქვეყანაში განხეთქილება გაამძაფრა - მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ საპროტესტო მოძრაობას დაუპირისპირდა, რომელსაც მხარს უჭერენ ოპოზიციური ჯგუფები, სამოქალაქო საზოგადოება, ცნობილი სახეები და პრეზიდენტი. პარლამენტი, რომელსაც „ქართული ოცნება“ და მისი მოკავშირეები აკონტროლებენ, სავარაუდოდ, კანონპროექტს დაამტკიცებს, რომელმაც, კანონად ამოქმედებამდე, კიდევ ორი მოსმენა უნდა გაიაროს. დეპუტატებმა 30 აპრილის სხდომა კენჭისყრის გარეშე დაასრულეს და დებატები 1-ელ მაისს განახლდება. ქართველმა კრიტიკოსებმა კანონპროექტს „რუსული კანონი“ უწოდეს და ის მოსკოვის „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონმდებლობას შეადარეს, რომელიც იქ განსხვავებული აზრის დასაძლევად გამოიყენება.
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების მხარდაჭერის გამო, რუსეთი ბევრ ქართველს არ მოსწონს. გარდა ამისა, 2008 წელს, საქართველო რუსეთთან ხანმოკლე ომში დამარცხდა. შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და ევროკავშირმა, რომლებმაც საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიანიჭა, გააკრიტიკა კანონპროექტი. ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ კანონპროექტმა შესაძლოა საქართველოს ევროინტეგრაციისკენ სვლა შეაჩეროს.
თინა ხიდაშელი, რომელიც 2015-2016 წლებში „ქართული ოცნების“ მთავრობაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ყოფილი კოლეგების საწინააღმდეგოდ, 30 აპრილს საპროტესტო აქციას შეუერთდა და თქვა, რომ მას მომიტინგეების გამარჯვების იმედი აქვს. "მთავრობა უბრალოდ ახანგრძლივებს იმას, რაც გარდაუვალია. შეიძლება სერიოზული პრობლემები შეგვექმნას, მაგრამ დღის ბოლოს ხალხი გამარჯვებული წავა სახლში", - განუცხადა ხიდაშელმა Reuters-ს.
29 აპრილს, პარალელურად გამართულ აქციაზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა მილიარდერმა - მკაცრად გააკრიტიკა დასავლეთი და ოპოზიციის პოსტსაარჩევნო დარბევაზე მიანიშნა. ივანიშვილმა დამსწრეებს განუცხადა, რომ „გლობალურმა ომის პარტიამ“ ევროკავშირი და ნატო აიძულა, სრულიად არაევროპული რეზოლუციისთვის დაეჭირა მხარი და ის [„გლობალური ომის პარტია“] ამ ინსტიტუტების გამოყენებას საქართველოს სუვერენიტეტის შესალახად აპირებს.
ივანიშვილმა, რომელიც ამბობს, რომ მას ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება სურს, განაცხადა, რომ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი გააძლიერებს ეროვნულ სუვერენიტეტს. მისი განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების მეშვეობით, ქვეყნის პროდასავლური ოპოზიცია უცხოური დაზვერვის სამსახურების მიერ კონტროლდება. ივანიშვილმა დასძინა, რომ ოქტომბრისთვის დაგეგმილი არჩევნების შემდეგ, საქართველოს ოპოზიციას, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს, "მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი დაემუქრება, რომელსაც იმსახურებს",“ - წერს Reuters-ი.
0
0