
„ქართული ოცნება“ ახალი საკონსტიტუციო სარჩელით პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ აკრძალვასაც ითხოვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
„ამ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება სარჩელი, რომელიც ეხება ე.წ. პარტიებს. ამ პარტიებს დაემატება „გახარია-საქართველოსთვის“ პარტია. ყველას კარგად გვახსოვს მათი გეგმები, რო აპირებდნენ პარლამენტში შემოსვლას, შემდეგ მანდატების ცნობა. ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მათ მაშინ მისცა შანსი, რომ რეალურად ჩართულიყვნენ პროცესში, მიუხედავად მათი წარსულისა და პირდაპირი კოალიციისა „ნაციონალურ მოძრაობასთან“. თუმცა, ვნახეთ, უხეში და თავხედური არაღიარება კონსტიტუციური წყობილებისა და ამის ირგვლივ უამრავი დესქტრუქციული ქმედება. არ აქვს მნიშვნელობა ფერს და ნომერს, როცა ემსახურები იმ იდეას, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ აგენტურული ქსელი ემსახურებოდა, ეს ჩვენთვის ქვეყნის ინტერესების ღალატის ტოლფასია. ამ სარჩელის პირობებშიც არ გვაქვს მოთხოვნილი მანდატების შეწყვეტა თითოეულ დეპუტატზე“, – განაცხადა კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.
ცნობისთვის, „ქართულიოცნებას“ უკვე წარდგენილი აქვს კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ და „ფედერალისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.
ამასთან, როგორც კირცხალიამ აღნიშნა, საკონსტიტუციო სარჩელით მოთხოვნილი არ არის პარლამენტისა და საკრებულოს მანდატების შეწყვეტა.
0
0