
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი ევროკავშირთან არაფერ შუაშია, ნორმატიულ დონეზე, რომ მოდი, ბექაურმა და მურუსიძემ დაარეგულიროს ქართული მედიაო, არავის უთქვამს - „ქართული ოცნება“ დასავლეთის სახელით ათასნაირ სიგიჟეს სჩადის, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
იაგო ხვიჩიას თქმით, „ქართული ოცნება“ პარლამენტის წინაშე კანონპროექტებს შაბლონურად წარადგენს, „თითქოს ევროპა გვთხოვს რაღაც სისულელეებს“.
"ბოლო კანონები შაბლონურად შემოდის, თითქოს ევროპა გვთხოვს რაღაც სისულელეებს, ამას რომ ცუდი შედეგები მოჰყვება, ყველაფერი ევროპას უნდა დაჰბრალდეს. როგორც „ნაცები“ ყოველგვარ ბოროტებას ევროპის სახელით აკეთებდნენ სასამართლო იქნება, თუ მართლმსაჯულების სხვა ნაწილები, „ქართული ოცნებაც“ ასე იქცევა, ევროპის და დასავლეთის სახელით ათასნაირ სიგიჟეს ჩადის, რომელსაც თვითონ იყენებს, თვითონ სჭირდება ძალაუფლების გასამტკიცად“,- აღნიშნა ხვიჩიამ.
გარდა ამისა, მან მის მიერ ნათქვამი განცხადებაც შეაფასა, სადაც მან მედია გააკრიტიკა. იაგო ხვიჩიას თქმით, მან მედიის პრობლემა წამოჭრა, რის შესახებაც „მედიამ ან არ იცოდა, ან ფეხებზე ეკიდა“.
ცნობისთვის, ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მედია გააკრიტიკა. კერძოდ, ამ კანონპროექტის განხილვისას აღნიშნა, რომ კანონით „მედიის თავისუფლება იზღუდება“. მან მედიის წარმომადგენლებს „იდიოტები“ უწოდა, და განაცხადა. რომ ჟურნალისტებს პროფესია წაართვეს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა დაჩქარებული წესით, სამივე მოსმენით მხარი დაუჭირა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს. კანონის მიხედვით, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელებასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრდება.
0
0