
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ალან პერსელს შეხვდა.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.
"ყურადღება გამახვილდა ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ქართული მხარე დაინტერესებულია აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვით და სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენით", - წერია რელიზში.
პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობას, მათ შორის, სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებას, რომელმაც განვითარების ახალი შესაძლებლობები გააჩინა სამხრეთ კავკასიის რეგიონში. მისი თქმით, მიღწეული შედეგი მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, რაც საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პრიორიტეტია.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის ფართო სპექტრი. მათ შორის, ორმხრივი ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტრანსპორტის კუთხით.
"ორივე მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო პროექტების საკვანძო მოთამაშის ფუნქციას, ასევე შუა დერეფნის, როგორც ევროპა - აზიის დამაკავშირებელი სტაბილური, უსაფრთხო და ეფექტური სატრანზიტო მარშრუტის განვითარების მნიშვნელობას. ასევე ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთაც საქართველოს მთავრობა შუა დერეფნის განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის კუთხით ახორციელებს და გეგმავს.
ასევე აღინიშნა, რომ მზარდია სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის, რომელმაც 2025 წლის იანვარი - ივლისის პერიოდში 1,6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა", - წერს სამინისტრო მინისტრის და ალან პერსელის შეხვედრაზე, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძეც დაესწრო.
0
0