01/09/2023
19:46
ბადაგონი
მეღვინეობა "ბადაგონში" "რთველი 2023" უკვე დაიწყო.
"ბადაგონი", რომელიც საქართველოს მეღვინეობის ლიდერი კომპანიაა, წელს 9 ათას ტონამდე ყურძნის გადამუშავებას გეგმავს, რისთვისაც სრულ მზადყოფნაშია.
როგორც "ბადაგონის" გენერალური დირექტორი, მარი გიორგაძე "სფეისნიუსთან" საუბარში აცხადებს, "ბადაგონმა" წელს, უახლესი ტექნოლოგიების მანქანა-დანადგარები შეიძინა და საწარმოო პროცესი 25 პროცენტით გაზარდა.
“მსოფლიოს მასშტაბით, ძალიან გაიზარდა ”ბადაგონის" ღვინოზე მოთხოვნა და ცნობადობა. ამით იყო განპირობებული კომპანიაში საკმაოდ დიდი ინვესტიციის განხორციელება. გავზარდეთ საწარმოო სიმძლავრე 25%-ით. კომპანია უახლესი ტექნოლოგიების მანქანა-დანადგარებით აღვჭურვეთ. ეს მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო მეტი ყურძენი გადავამუშაოთ და ღვინის წარმოება-რეალიზაცია გავზარდოთ," - განაცხადა მარი გიორგაძემ.
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად, "ბადაგონი" ფლობს 400 ჰექტარ ვენახს კახეთის ყველა მიკროზონაში, კომპანია ფერმერებისგან დიდი რაოდენობით ყურძენს შეიძენს.
"ბადაგონის" დირექტორი ყურადღებას ამახვილებს ასევე, სახელმწიფოს მხრიდან რთველის სუბსიდირების პროგრამაზე და ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მეღვინეობის დარგის მხარდაჭერა, უმნიშვნელოვანესია.
“წელს შევიძენთ დიდი რაოდენობით ყურძენს ფერმერებისგან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მხრიდან მევენახეობა - მეღვინეობის დარგის მხარდაჭერა. მათი ორგანიზებით რთველი, ყოველწლიურად, გამართულად, პრობლემების გარეშე მიმდინარეობს. უმნიშვნელოვანესია სუბსიდირების პროგრამა, როგორც ჩვენთვის, მეღვინეებისთვის, ასევე ფერმერებისთვის”.- აღნიშნა მარი გიორგაძემ.
რაც შეეხება ყურძნის ხარისხს, “ბადაგონის” მეღვინეობის დეპარტამენტის დირექტორი, სანდრო ქუმსიაშვილი ამბობს, რომ ხარისხის კონტროლი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. წელს კი, მეღვინეობა “ბადაგონი” მაღალი ხარისხის მოსავალს ელოდება.
“რთველი მეღვინეობა ”ბადაგონში" წარმატებით დაიწყო. კმაყოფილები ვართ მიღებული ყურძნის ხარისხით. “ბადაგონის” ულტრათანამედროვე ლაბორატორიებში მიმდინარეობს მუდმივი კონტროლი, ყურძნის ვიზუალური და ანალიტიკური შეფასება, რაც ღვინის ხარისხს განსაზღვრავს. ჩვენს გულშემატკივრებს და მომხმარებლებს ვპირდებით რომ წელსაც, როგორც ყოველთვის, "ბადაგონის" ღვინო იქნება მაღალი ხარისხის და გამორჩეული," - განაცხადა "სფეისნიუსთან" საუბრისას სანდრო ქუმსიაშვილმა.
0
0