
დღეს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლები აქციას გამართავენ. აქციის მონაწილეები კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ კობა ხუბუნიასთან შეხვედრას და ორგანიზაციაში დაწყებული რეორგანიზაციის შეჩერებას ითხოვენ.
"ერთ კვირაზე მეტია, კინემატოგრაფისტები უშედეგოდ ვითხოვთ შეხვედრას კინოცენტრის ახალდანიშნულ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ კობა ხუბუნაიასთან, რადგან მის მიერ დაწყებული რეორგანიზაციის პროცესის გაუმჭვირვალობა აღძრავს ეჭვებს და ატარებს კინოს ცენზურისა და ჩვენი შემოქმედებითი თავისუფლების შეზღუდვის ნიშნებს.
19 ივნისს, ჩვენ კობა ხუბუნაიას მივმართეთ ფორმალური წერილითაც და ჩვენთან
შესახვედრად, სამშაბათს, 20 ივნისის 18:00 სთ-მდე მივეცით ვადა. ასევე მოვითხოვეთ, შეხვედრის საჯაროობა და მისი გადაცემა ლაივ რეჟიმში ჩვენი ფეისბუქ გვერდიდან “ქართული კინო საფრთხეშია”.კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის მიმართ ჩვენი უნდობლობა კიდევ უფრო გაამძაფრა 19 ივნისს “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომელიც შეურაცხყოფს ჩვენს ლეგიტიმურ პროტესტს და უკვე დაუფარავად დევნის თავისუფალ შემოქმედებით აზრს.
ჩვენი მოთხოვნებია:
1. შეჩერდეს მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი.
2. კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყოს ინიციატორი იმისა, რომ კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის საფუძველზე; დაიწყოს კინოცენტრის მართვის ისეთ ფორმაზე მუშაობა, რომელიც უპირობოდ უზრუნველყოფს კინოცენტრის დემოკრატიულ, ავტონომიურ და ჰორიზონტალურ ფუნქციონირებას; მოვალეობის შემსრულებელი თავად იყოს გარანტი პროცესის საჯაროობისა, რომელიც წარიმართება სფეროს წარმომადგენლებთან ღია და მჭიდრო თანამშრომლობით.
სამშაბათს, 20 ივნისს, 17:00 სთ-ზე კინოცენტრის წინ ვიკრიბებით აქციაზე ქართული კინოს დასაცავად!
18:00 საათიდან ვუერთდებით მაღაროელების აქციას პარლამენტის წინ"! – წერია აქციის აღწერილობაში.
0
0