28/12/2024
12:57
სპორტი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა 2024 წელი შეაჯამა და იმედი გამოთქვა, რომ 2025 უკეთესი იქნება.
„წარმოუდგენელია, ერთ კომენტარში გადმოვცე ყველაფერი, რაც 2024 წელს ჩვენს ქვეყანაში და ქართულ ფეხბურთში ხდებოდა – ეს იყო დაუვიწყარი წელი, წარმოუდგენელი სიხარულით, ემოციებით და ბედნიერებით სავსე, რაც დარწმუნებული ვარ, თითოეულ ჩვენგანს დიდი ხანი ემახსოვრება.
ეს ყველაფერი მარტივი არ იყო – წლების განმავლობაში ძალიან რთული გზა გავიარეთ, ხშირ შემთხვევაში იყო უსამართლობა, ხელისშეშლა, მაგრამ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები უდიდეს მოტივაციას გვაძლევდნენ, რომ ამ წარმატებისთვის მიგვეღწია.
2015 წელს, როდესაც გერმანიიდან საქართველოში დავბრუნდი, მკითხეს, ხომ არ ნანობო, მაგრამ ჩვენ გვჯეროდა ქართული ფეხბურთის და ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ყველამ ერთად წარმატებას მივაღწიეთ. როგორც ყოველთვის, მეტი გვინდა და დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელებიც ამ განწყობით არიან. 2025 წელს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, რაც ასევე დიდი წარმატებაა და იმედი გვაქვს, ჩვენი გუნდის თამაშით კიდევ ბევრჯერ გავიხარებთ.
რაც შეეხება წლის საუკეთესო მოთამაშეების დაჯილდოებას, ეს ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა და მინდა, გიორგი მამარდაშვილს აღიარება მივულოცო, რადგან ეროვნულ ნაკრებშიც და „ვალენსიაშიც“ არაჩვეულებრივი სეზონი ჩაატარა. დიდი პატივია, როდესაც შენი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი ხდები.
სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებსაც ვულოცავ ამ აღიარებას. 2024 წელს ყველამ წარმოუდგენელი ემოცია განვიცადეთ და მჯერა, რომ მომავალი კიდვე უფრო წარმატებული იქნება“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
0
0