
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ და გერმანულ უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებს შორის არსებულ გაცვლით პროგრამებს და კვლევით პროექტებს, გავრცელებული განცხადებით, არანაირი საფრთხე არ ექმნება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
„ცალსახად არ ვრცელდება განცხადება სტუდენტთა, მკვლევართა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებზე, ერთობლივ კვლევით პროექტებსა და სასტიპენდიო პროგრამებზე. როგორც პიტერ ფიშერი თავადაც აღნიშნავს, განცხადება არ ეხება არც DAAD-ის პროგრამას. განცხადება მოიაზრებს ჩვენს სამინისტროსა და გერმანიის განათლების და კვლევის ფედერალურ სამინისტროს შორის სამომავლო თანამშრომლობას, რომელთან დაკავშირებითაც მიმდინარეობდა მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაო.
კიდევ ერთხელ, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ და გერმანულ უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებს შორის არსებულ გაცვლით პროგრამებს და კვლევით პროექტებს, ამ განცხადებით, არანაირი საფრთხე არ ექმნება. აღნიშნული აქტივობები ხორციელდება ხსენებულ სუბიექტებს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. თანამშრომლობა ეფუძნება აკადემიურ თავისუფლებას და ინსტიტუციურ ავტონომიურობას, რაც ბოლონიის პროცესის და ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის ფუნდამენტური პრინციპებია. ჩვენ, 20 წელია, ამ ღირებულებების ერთგულნი ვრჩებით.
ცხადია, გერმანიის განათლების და კვლევის მინისტრის მიერ უფლებამოსილების ბოლო დღეს გაკეთებული ეს განცხადება ერთადერთ პოლიტიკურ მიზანს ემსახურება – შეიტანოს დისონანსი ქართულ-გერმანულ სამეცნიერო, აკადემიურ და კვლევით თანამშრომლობაში და დათესოს გაურკვევლობა.
გერმანიის ელჩი ეყრდნობა განათლებისა და კვლევების ფედერალური მინისტრის წერილს, რომელიც 20 თებერვლით თარიღდება.
საგულისხმოა წერილის თარიღიც.
ნიშანდობლივია, რომ გერმანიაში ფედერალური არჩევნების ჩატარებამდე ორი დღით ადრე მომზადდა ეს წერილი.
მოგეხსენებათ, არჩევნებში ახალმა კონსერვატორმა პოლიტიკურმა ძალამ მოიპოვა უმრავლესობა. სავარაუდოდ, ახალი მართველი კოალიცია „ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიასა“ (CDU) და „სოციალ- დემოკრატებს“ (SPD) შორის ჩამოყალიბდება.
გერმანიის არჩევნებამდე პოლიტიკური მართველი კოალიცია შედგებოდა „სოციალ-დემოკრატებისა“ და „მწვანეების“ პარტიისგან. განათლების ფედერალური მინისტრი „მწვანეების“ პარტიიდანაა, რომელიც 2024 წლის ნოემბერში დაინიშნა. აღნიშნულმა პარტიამ არჩევნებში მხოლოდ 11% აიღო.
ეს მოცემულობა კარგად ხსნის, არჩევნებამდე ბოლო სამუშაო დღეს გამოგზავნილი წერილის პოლიტიკურ შინაარს – დააზიანოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობები. რაც მთავარია, დაზიანებული მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ მართველ კოალიციას“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გერმანიის განათლების მინისტრმა გაყინა სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება საქართველოსთან, თუმცა ამჟამინდელ დაფინანსებებს, მათ შორის სასტიპენდიო პროგრამებს, ეს ჯერ არ შეხებია.
0
0