25/07/2022
17:29
სპორტი
ჩვენდა გასაკვირად, ქალთა ფეხბურთისადმი წარსულში ინტერესი საკმაოდ დიდი იყო და კაცთა ფეხბურთსაც ჩრდილავდა. სამწუხაროდ, ეს პოპულარობა არა თუ არ გაგრძელდა, არამედ საერთოდ გაქრა ფეხბურთის ასოციაციის გადაწყვეტილების წყალობით.
50 წელი ქალთა ფეხბურთის გარეშე
პირველი ქალთა საფეხბურთო კლუბები გამოჩნდნენ ინგლისში მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს. შემდეგი წლების განმავლობაში ქალთა ფეხბურთის პოპულარობა ელვისებურად იზრდებოდა. რამდენიმე ათწლეულში ინგლისში ქალთა 150 საფეხბურთო კლუბი შეიქმნა, რითაც ქალები აბსოლუტურად დომინირებდნენ სპორტის ამ სახეობაში. 1920 წლის გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაში სადაც „კერის ქალბატონებმა“ 4-0 დაამარცხეს „წმინდა ელენის ქალბატონები“ თამაშის დამსწრეთა რაოდნებოა 50 000-ს აჭარბებდა, რაც იმ დროისთვის წარმოუდგნელად ბევრი იყო. ამ თამაშის მოგების ნაწილი საქველმოქმედო ფონდს გადაეცა - დღევანდელი ვალუტით 130 000 ევრო. ფეხბურთის ასოციაციამ, რა თქმა უნდა, დაინახა თუ რამხელა ფინანსურ მოგებაზე იყო საუბარი, რომელიც მათ ჯიბეში არ მიდიოდა. ამ ყველაფერს თან დაერთო ისიც, რომ კაცთა ფეხბურთს ახალი ლიგები, გუნდები დაემატა და ქალები მათ პოპულარობას სერიოზულ კითხვის ნიშანს უსვამდნენ. ინტერესთა კონფლიქტში, რა თქმა უნდა, კაცებმა გაიმარჯვეს და ქალთა ფეხბურთი აკრძალეს 1921 წელს.
ეს აკრძალვა ძალაში მთელი ნახევარი საუკუნე იყო, ეს კი საკმარისი დროა იმისათვის, რათა კაცებს ამ სპორტში სრული უპირატესობა მოეპოვებინათ. ქალების ფეხბურთში დაბრუნებას არავინ დიდი ინტერესით არ შეხვედრია. მათ მთელი საზოგადოება არასერიოზულად უყურებდა. ქალები ამ სპორტში ყველამ დაივიწყა.
აქვს თუ არა მომავალი ქალთა ფეხბურთს?
წლევანდელმა ქალთა ევრო 2022- მა ეს საკითხი აქტუალური გახადა, რადგან მატჩის მაყურებელთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა. ტურნირის დაწყებამდე ბილეთების გაყიდვაში რეკორდული მაჩვენებლი დაფიქსირდა. პირველ თამაშამდე უკვე ნახევარ მილიონზე მეტი ბილეთი გაყიდული იყო. ჩემპიონატის გახსნით მატჩს 68,871 მაყურებელი დაესწრო. იმას თუ ჩავთვლით, რომ 2019 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ქალთა ფეხბურთში მხოლოდ 57 900 ადამიანი დაესწრო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოპულარობა და ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა.
აღსანიშნავი ფაქტია, რომ რამდენიმე თვის წინ „ნოუ კამპზე“ რეალი - ბარსელონას ჩემპიონთა ლიგის თამაშს 91,553 მაყურებელი დაესწრო და ქალთა ფეხბურთში რეკორდიც კი მოხსნა.
ქალთა ფეხბურთი აქტუალური გახდა. ამ საკითხს რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო და ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ესპანეთმა და ნიდერლანდებმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს - ქალებისა და კაცების ხელფასი ნაკრებში გაათანაბრეს.
საკლუბო ტურნირის თამაშებს რაც შეეხება, აქ მამაკაცებსა და ქალებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. ქალთა საკლუბო ტურნირებისა და ლიგების თამაშებს აშშ-ში საშუალოდ 7000+ მაყურებელი ჰყავს, ხოლო ევროპაში 1000+. მამაკაცების თამაშებს კი საშუალოდ 30 000+ ადამიანი ესწრება. ამ კუთხით, საკმაოდ რთული იქნება ქალთათვის ამ განსხვავების აღმოფხვრა. კლუბის თამაშების საყურებლად ხალხის მოზიდვა ბევრად რთულია ნაკრების თამაშებისგან განსხვავებით. ნაკრებს მთელი ქვეყანა მხარს უჭერს, ხოლო კლუბს თავისი ერთგული ფანები სჭირდება.
ქალთა საკლუბო თამაშებისადმი მცირე ინტერესის გამო, მედიისთვისაც მათი თამაშების ტრანსლირება ნაკლებად მომგებიანია, რაც ქალთა თამაშების ყურების ხელმისაწვდომობას ამცირებს და დიდ დაბკროლებას ქმნის. არავინ დაიწყებს იმ გუნდის თამაშების ყურებას, რომლის თამაშიც არასდროს უნახავს არცერთ არხზე და თუ დაიწყებს, უბრალოდ ხელმიუწვდომლობა დიდ დისკომფორტს შეუქმნის. ქალთა კლუბებს მეტი ხელშეწყობა სჭირდებათ, რათა ფანები მხოლოდ ადგილობრივად მაცხოვრებლები არ იყვნენ.
საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალები ფეხბურთში სწრაფად პროგრესირებენ, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი გზა აქვთ გასავლელი, რათა კაცთა ფეხბურთს სერიოზული კონკურენცია გაუწიონ და დაუბრუნდნენ იმ წერტილს, რომელსაც მათ 1900-იანი წლების დასაწყისში მიაღწიეს.
0
0