
56 წლის, წარმოშობით კანადელ პასკალ ფერიერს, აშშ-ში 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს 9 ადამიანისთვის, მათ შორის აშშ-ის ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის, რიცინის შხამით სავსე წერილების გაგზავნისთვის. ამის შესახებ BBC წერს.
ფერიერი, 2020 წლის სექტემბერში, ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში, თეთრ სახლში შხამიანი კონვერტით ხელში დააკავეს. ქალმა სასამართლოზე განაცხადა, რომ ნანობდა იმას, რომ გეგმა ჩაეშალა და რომ „ტრამპი ვერ შეაჩერა".
წერილში ის ტრამპს საპრეზიდენტო მარათონიდან ჩამოშორებისკენ მოუწოდებდა.
„მე ვიპოვე თქვენთვის ახალი სახელი: „მახინჯი ტირანი კლოუნი", - წერდა იგი წერილში.
ფერიერმა აღიარა, რომ მსგავსი შხამიანი წერილები ტეხასის 8 სამართალდამცავ პირსაც გაუგზავნა.
ასევე თქვა, რომ რიცინის შხამს კვებეკში, საკუთარ სახლში ამზადებდა. აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიხედვით, დოზიდან გამომდინარე, ამ შხამს 36-დან 72 საათამდე პერიოდში შეეძლო სიკვდილი გამოეწვია.
დაკავებული ქალი წარსულში ასევე 2-ჯერ იყო ნასამართლევი იარაღის უკანონო ტარებასა და მანქანის მართვის მოწმობის გარეშე მართვისთვის. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქალს აშშ-ში 22 წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ ქვეყნიდან გააძევებენ.
0
0