
26 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ამერიკელ ქალს, რომელიც, 2014 წელს ბალიში გამართულ დღესასწაულზე, ბოიფრენდ ტომი შეფერს საკუთარი დედის [მდიდარი აკადემიკოსის შეილა ფონ ვის-მაკის] მოკვლაში დაეხმარა.
გავრცელებული ინფორმაციით, წყვილმა აღნიშნული დანაშაული სატრასტო ფონდზე ($1,5 მილიონი) წვდომის მიზნით ჩაიდინა.
პროკურორების მტკიცებით, 18 წლის ჰეზერ მაკმა, რომელიც მკვლელობის დროს ორსულად იყო, დედას პირზე ხელი ააფარა, ხოლო მისმა ბოიფრენდმა ტომი შეფერმა მსხვერპლს თავში ხილის თასი ჩაარტყა. პოლიციამ ცხედარი ჩემოდანში აღმოაჩინა, რომელიც მაკმა და შეფერმა ტაქსის საბარგულში დატოვეს. პოლიციას ინფორმაცია ტაქსის მძღოლმა მიაწოდა. მოგვიანებით, წყვილი ბალის სხვა სასტუმროში იპოვეს.
2015 წელს, ჰეზერ მაკი ინდონეზიაში გაასამართლეს და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა, 2021 წელს, ის გაათავისუფლეს. მოგვიანებით, ქალი შეერთებულ შტატებში ჩასვლისას დააკავეს და მას ბრალი წაუყენეს აშშ-ის მოქალაქის მოკვლის შეთქმულებაში. მაკმა, განაჩენის მოლოდინში, ბოლო ორი წელი ჩიკაგოს ციხეში გაატარა.
თავდაპირველად, მაკმა თავი დამნაშავედ არ ცნო, თუმცა შემდეგ ჩვენება შეცვალა, როდესაც მას პროკურორებმა "ხელსაყრელი" გარიგება შესთავაზეს. მოსამართლე მეთიუ კენელის განცხადებით, 28 წლის მაკის ფორმალური სასჯელი დაახლოებით 23 წლამდე შემცირდა.
სასჯელის გამოტანისას ვის-მაკის ძმამ, ბილ ვისმა სასამართლოს ჰეზერ მაკისთვის მაქსიმალური სასჯელის დაწესება მოსთხოვა.
"ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ჰეზერი სიცოცხლის დარჩენილ ნაწილს გისოსებს მიღმა გაატარებდა", - თქვა ვისმა.
ტომი შეფერი, რომელიც ასევე დასახელებულია აშშ-ის საბრალდებო დასკვნაში, ინდონეზიის საპყრობილეში რჩება.
0
0