22/11/2024
12:01
სამართალი
21 ნოემბერს კლინიკაში გარდაიცვალა ქალი, რომელიც საგარეჯოში ყოფილმა ქმარმა სცემა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.
ციკო სულიკაშვილი თავის არეში მძიმე დაზიანებებით კლინიკაში 11 ნოემბერს მოათავსეს და მედპერსონალის მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო – 11 პრიმა 109-ე (ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) და 11 პრიმა 381 (შემაკავებელი, ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა). მამაკაცი, რომელსაც მანამდე შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი ტარიელ სუხიშვილია.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პროკურატურამ, რომელშიც ნათქვამია, რომ საგარეჯოში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, დაზარალებულის გარდაცვალების გამო ბრალდებას დაუმძიმებენ. უწყება ამბობს, რომ კაცმა ქალს დაზიანებები არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მიაყენა.
AMBEBI.GE-ს გარდაცვლილი ციკო სულიკაშვილის მეზობელი უყვება:
"ტარიელ სუხიშვილი ხელოსანი ბიჭი იყო... ზედმეტი სიშავის გამო მას მეტსახელად "ტარაკანას" ეძახდნენ. როგორც ამბობენ, ის ხშირად ძალადობდა ციკოზე და შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი. ტარიელი ციხიდან ახლახან გამოვიდა, მასაც კარგად ვიცნობდი. მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძალადობის მუხლით იხდიდა სასჯელს, მაგრამ მე როგორც ვიცი, ქურდობისთვის იჯდა ციხეში - წყალი გაკეთდა და ობიექტიდან კრანები მოუპარავს.
ამბობენ, მკვლელობის მოტივი ეჭვიანობა იყო, თავიდან ეგონათ, ალბათ ციკო ვიღაცასთან ნახაო, რაღაც მესიჯებზე ლაპარაკობენ, ზუსტად არც არავინ იცის, რამ გადაუბრუნა ტვინი. მერე თქვეს, ბიძაშვილს, თუ მამიდაშვილს სწერდაო, ტარიელს არც უნახავს, ეგონა კაცს მისწერაო. რა მესიჯებზეა ლაპარაკი, ან როდის ნახა, არავინ იცის, ოჯახის ამბავია და არავინაა ჩახედული.
კაცმა ქალს მიაკითხა, იჩხუბეს და ასე სასტიკად გაუსწორდა. ციკო ძალიან კარგი და წესიერი ადამიანი იყო, მასზე საგარეჯოში ცუდს ვერავინ იტყვის, პატიოსნად ცხოვრობდა, შრომობდა და ორ შვილს ზრდიდა.. შემთხვევა ციკოს სახლის ეზოში მოხდა, გვიანი იყო და მამას ეძინა, რომ გაეგო, შვილს ხომ დაეხმარებოდა. ვინმესთვის მაინც დაეძახა, რომ ეჩხუბებოდა, იქნებ ეშველათ...
ამბობენ, რომ ტარიელი არ იყო ფხიზელ მდგომარეობაში, რაღაც სინთეთიკურ ნარკოსაშუალებაზე აქვთ ეჭვი, ჰალუცინაციებს რომ იწვევს, თორემ ფხიზელი იმდენს კი გააცნობიერებდა, რას სჩადიოდა - ქალი წაიქცა, უმწეო გოგოს თავიდან სისხლი სდიოდა და ეს უარესად ჩეჩქვავდა, თან შვილის თვალწინ. ეგ რომ საღ ჭკუაზე ყოფილიყო, ამას იზამდა? არც ასეთი უტვინო იყო, ეს ჩაედინა. რა უნდოდა, რას ერჩოდა საწყალ ქალს, ან შვილებს?! ასეთი ციხეში უნდა ჩალპეს".
0
0