-share.jpg)
თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო ელჩო დენიგან! მოგმართავთ ოფიციალური თხოვნით, დაადასტუროთ ან უარყოთ, 2007 წელს ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ, ქართული მხარისთვის, მსგავსი წერილის გამოგზავნის ფაქტი. ამის შესახებ საუბარია კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩისადმი ღია წერილში, რომელიც 20 ნოემბერს სასამართლო პროცესზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩვენებას ეხება.
„ქართულ მართლმსაჯულებას და საქართველოს საზოგადოებას უნდა მიეწოდოს ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა ადგილი 2007 წლის 7 ნოემბერს, საქართველოში, რუსეთიდან ინსპირირებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას და აფრთხილებდა თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI), ქართულ მხარეს, ამ ფაქტის შესახებ; თუ ეს არის ბრალდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ, სასამართლო პროცესზე, განზრახ გაჟღერებული ცრუ ჩვენება, ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დისკრედიტაციის მიზნით. “,- აღნიშნულია წერილში.
ხაინდრავას თქმით, ა.წ. 20 ნოემბერს, სასამართლო პროცესზე, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მსჯავრდადებულმა და ამჟამად ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო კოლეგიისთვის მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს, მისი ბრძანებით, მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ, ძალოვანი სტრუქტურების მიერ განხორციელებული სასტიკი დარბევა, განპირობებული იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის აღკვეთის მიზნით. ამავე ჩვენებაში, ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ინფორმაცია საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების შესახებ, მან შეიტყო, ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს, FBI-ის მიერ, ქართული მხარისთვის გამოგზავნილი წერილიდან (აღსანიშნავია, რომ ამერიკული სპეცსამსახური, მან რუსული დასახელებით ФБР-ით მოიხსენია). სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება, რუსეთის დავალებით, ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილმა დააბრალა, აწ განსვენებულ, ცნობილ ქართველ მეცენატს, ტელეკომპანია „იმედის" დამფუძნებელს ბადრი პატარკაციშვილს“ - ამბობს ელჩისადმი წერილში ხაინდრავა.
0
0