30/05/2023
15:06
პოლიტიკა
გვინდა გამოვეხმაუროთ თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ოპოზიციური პარტიების წევრების ინიციატივას ალტერნატიული გენდერული საბჭოს შექმნის თაობაზე. სამწუხაროდ, ეს არის მცდელობა გენდერულ საკითხებში პოლიტიკური დღის წესრიგის შემოტანის, რითაც ისინი იმ ადამიანების უფლებებს აზიანებენ, რომლებსაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. ისინი კიდევ ერთ ნაბიჯს დგამენ პოლიტიკური პოლარიზაციისკენ. დაძაბული პოლიტიკური ფონის მიუხედავად, მათ სურთ მოშალონ ის მცირე შეხების წერტილებიც, რომლებიც საბჭოს შიგნით ერთობლივ მუშაობაში გამოიხატებოდა. საბჭოს არსებობა ადგილობრივ დონეზე მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობის მისაღწევად.
მუნიციპალურმა საბჭოებმა უნდა განიხილონ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობა და შეიმუშაონ ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული ინიციატივები, განსაზღვრონ გენდერული პოლიტიკა, მისი მიზნები, ამოცანები და პრინციპები.
2022 წლის პირველი თებერვლიდან დღემდე გენდერული თანასწორობის საბჭოს 9 სხდომა და 5 სამუშაო შეხვედრა გაიმართა, დამტკიცდა სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელებაც აქტიურად მიმდინარეობს. საბჭოს საქმიანობა არასდროს ყოფილა პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი, მისი მთავარი მიზანი იყო და იქნება გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ სრულიად გაუგებარი, მიუღებელი და არალეგიტიმურია ალტერნატიული საბჭოს იდეა და ის შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ ერთ მიზანს - პარტიული ინტერესებისა და პარტიული ხაზის შემოტანას გენდერული საბჭოს საქმიანობაში, რაც დაუშვებელია და არ ემსახურება საბჭოს საქმიანობის ძირითად მიზნებსა და ამოცანებს.
გვაქვს იმედი, ოპოზიციონერი კოლეგები პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენებენ გენდერული თანასწორობის იდეას და დაუბრუნდებიან საბჭოს საქმიანობას.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და უფლებამოსილების განხორციელებას.
0
0