
იტალიის ქალაქ კომოში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც ბრალად ედებათ სახლის ძარცვის მცდელობა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, კომოს პოლიციის განყოფილებაში შეტყობინება 15 აგვისტოს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 03:30 საათზე შევიდა.
„პოლიცია ვია ალდო მოროს ქუჩაზე გაემართა, საიდანაც ადგილობრივმა მცხოვრებმა დარეკა და გამოთქვა ეჭვი, რომ ორი კაცი, სავარაუდოდ ძარცვის მიზნით, სახლის სიახლოვეს ტრიალებდა. მოქალაქე, რომელიც მთელი ეს დრო პოლიციის ოპერატიულ დეპარტამენტთან ხაზზე რჩებოდა, მათ ცნობებს აწვდიდა მამაკაცების გადაადგილებისა და ქცევის შესახებ. ისინი საცხოვრებელი სახლის გალავანზე გადაძვრნენ და სახლში შესვლა სცადეს, თუმცა, პოლიციამ ისინი შეაჩერა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
დაკავებულთა ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, სალონში ჩანთა აღმოაჩინეს სხვადასხვა ტიპის ინსტრუმენტით, რომლებსაც სავარაუდოდ, ისინი იყენებდნენ. ხოლო სახლის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სახელურებზე ძარცვის მცდელობის აშკარა ნიშნები იკითხებოდა.
„პოლიციის განყოფილებაში ორივე კაცი ამოიცნეს. ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან, რომელთაგან ერთიც ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფება და წარსულში, ქურდობისთვის არის ნასამართლევი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
დაკავებულები სასამართლო განხილვების მოლოდინში არიან.
0
0