02/04/2024
10:07
მსოფლიო
ბრიტანელმა მწერალმა ჯოან როულინგმა მკვეთრად გააკრიტიკა ახალი შოტლანდიური კანონი სიძულვილის გაღვივების აკრძალვის შესახებ და სოცქსელებში ტრანსგენდერ ადამიანებზე რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა. მან განაცხადა, რომ თუ მის განცხადებებს კანონის დარღვევად შეაფასებენ, ის მზად არის დაპატიმრებისთვის. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, როულინგმა არაერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია ტრანსგენდერიზმის შესახებ და აცხადებს, რომ ქალად ითვლება მხოლოდ ის ადამიანი, რომელსაც მენსტრუაცია აქვს. ამის შემდეგ მწერალს ტრანსფობიაში ადანაშაულებენ.
„ჰარი პოტერის“ ავტორმა, რომელიც შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში ცხოვრობს სოციალურ ქსელში Х გაიხსენა სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც ტრანსგენდერების წინააღმდეგ არის აღძრული. მან დამნაშავეებზე საუბრისას გამოიყენა სიტყვა „კაცი“, იმის მიუხედავად, რომ მათ სქესი აქვთ შეცვლილი. ასევე როულინგმა „კაცებად“ მოიხსენია აქტივისტების ნაწილი, რომლებიც ტრანსგენდერების უფლებებისთვის იბრძვიან.
„როგორც ჩანს, შოტლანდიელი კანონმდებლები უპირატესობას ანიჭებენ იმ კაცების გრძნობებს, რომლებიც ქალობაზე საკუთარი წარმოდგენის რეალიზებით არიან დაკავებულები და არა ნამდვილი ქალებისა და გოგოების უფლებებსა და თავისუფლებებს. სანამ არ გვაქვს უფლება კაცს კაცი დავუძახოთ, შეუძლებელი იქნება იმ ძალადობის აღწერა, რომელთანაც გამკლავება ქალებსა და გოგოებს უწევთ. სიტყვისა და რწმენის თავისუფლება შოტლანდიაში შეიძლება დასრულდეს თუ ბიოლოგიური სქესის კორექტულ აღწერას სისხლის სამართლის დანაშაულად ვაღიარებთ“, - დაწერა როულინგმა.
მან აღნიშნა, რომ ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება. „თუმცა თუ ჩემი პოსტები კანონდარღვევად ჩაითვლება, მოუთმენლად ველი როდის დამაპატიმრებენ, როცა შოტლანდიური აღორძინების სამშობლოში დავბრუნდები“.
შოტლანდიის პოლიციაში განმარტეს, რომ როულინგის პოსტებთან დაკავშირებით საჩივარი არ მიუღიათ.
ახალი კანონი ძალაში პირველ აპრილს შევიდა, თუმცა პარლამენტმა ის ჯერ კიდევ 2021 წელს მიიღო. კანონის მიხედვით, ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობების, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის, ტრანსგენდერული იდენტობის ან ინტერსექსუალობის ნიადაგზე სიძულვილის გაღვივება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება.
შოტლანდიის მთავრობის მეთაურმა ჰამზა იუსაფმა განაცხადა, რომ ახალი კანონი აუცილებელია „სიძულვილის მზარდ ტალღასთან“ გასამკლავებლად.
აღსანიშნავია, რომ კანონი არ იცავს ქალებს, როგორც ცალკეულ სოციალურ ჯგუფს, თუმცა სავარაუდოდ შოტლანდიის მთავრობა მოგვიანებით იმუშავებს სხვა კანონზე, რომელიც ქალთმოძულეობის წინააღმდეგ იქნება მიმართული.
კანონის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
კანონს დიდი ბრიტანეთის პრემიერი რიში სუნაკიც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ არასწორია ადამიანების კრიმინალებად გამოცხადება, როცა ისინი უბრალო ბიოლოგიურ ფაქტებზე საუბრობენ.
0
0