
რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის ყოფილმა პროდიუსერმა, გასულ წელს, რუსეთ-უკრაინის ომის წინააღმდეგ გამოთქმული საეთერო პროტესტის შემდეგ, Sky News-თან ინტერვიუში ვლადიმერ პუტინის პროვოცირება კიდევ ერთხელ მოახდინა.
როგორც ბეთ რიგბისთან საუბრისას მარინა ოვსიანიკოვამ აღნიშნა, უკრინაში რუსული არმიის შეჭრისას მან საკუთარი პროტესტი ვერ დამალა.
”როდესაც ომი დაიწყო, მე არ შემეძლო, თვალი დამეხუჭა. სისხლი დაიღვარა. მილიონობით ადამიანი ლტოლვილი გახდა და ამ ყველაფერს ჩემს ეკრანზე ვხედავდი. ეს ყველაფერი საკუთარი თავის ხელოვნური მოტყუება იყო. ვეღარ გავჩუმდი. ვგრძნობდი, რომ პარალელურ რეალობაში ვცხოვრობდი.
"პუტინს ყველა ოპონენტის დასახოცად საკმარისი „ნოვიჩოკი“ არ აქვს. რეალურად, როდესაც ომი დაიწყო, ბევრმა ადამიანმა დაიწყო საუბარი რეჟიმის წინააღმდეგ და მას კიდევ ბევრი კრიტიკოსი ეყოლება", - განაცხადა ოვსიანიკოვამ.
ცნობისთვის, 2018 წელს, ქალაქ სოლსბერიში, რუსეთის ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი, ასევე 2020 წელს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სამხედრო კლასის პარალეპტიკური ნივთიერებით - „ნოვიჩოკით“ - მოწამლეს.
ოვსიანიკოვა იმედოვნებს, რომ გარშემომყოფები პუტინს თანამდებობიდან გადააყენებენ, თუმცა არ ფიქრობს, რომ მას მოკლავენ ან მოწამლავენ.
”რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში, პოლიციაში, რომ აღარაფერი ვთქვათ კერძო უსაფრთხოების კომპანიებში, სამი მილიონი ადამიანი მუშაობს. საუბარია სტალინურ რეპრესიებზე.
ალბათ, არავინ აპირებს პუტინის მოკვლას ან მოწამვლას, მაგრამ ერთ დღესაც, მისი ერთ-ერთი მოკავშირე შეიძლება მივიდეს მასთან და უთხრას, „ვლადიმერ, ჩვენ ომში ვმარცხდებით. შენი წასვლის დროა.“
როდესაც რუსეთი ომს წააგებს, ეს პუტინის ბოლო დღე იქნება. მას თავისი აღსასრულის დღის ძალიან ეშინია,“ -თქვა ოვსიანიკოვამ.
ოვსიანიკოვას ვარაუდით, პუტინის ერთგული მოკავშირეების, მათ შორის, „ვაგნერის ჯგუფის“ დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინისა და ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მიერ ბოლო თვეებში გამოთქმული კრიტიკა შეიძლება რუსეთში მოსალოდნელი სამოქალაქო ომის ნიშნები იყოს.
0
0