
რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მისთვის სამშვიდობო გარიგების დადება სურს, რაც ტრამპის აზრით, „სიგიჟეა“. Fox News-ის ინფორმაციით, აღნიშნული კომენტარი მიკროფონში შემთხვევით გაჟღერდა.
„ვფიქრობ, [პუტინს] ჩემს სასარგებლოდ სამშვიდობო გარიგების დადება სურს. წარმოგიდგენიათ? ვიცი, რომ ეს სიგიჟის თეორიაა“, - მიმართა ტრამპმა მაკრონს.
თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ, ემანუელ მაკრონს NBC News-ის ჟურნალისტმა კრისტენ უელკერმა ტრამპის კომენტარის შეფასება სთხოვა. შეკითხვაზე - „რამ გაგიელვათ გონებაში, როცა ტრამპმა ეს გითხრათ?“ - მაკრონმა უპასუხა:
„საბოლოო ჯამში, თუ შეთანხმებას მივაღწევთ, რომელიც მშვიდობის დამკვიდრების ამ ხანგრძლივ და მტკიცე სურვილს შეესაბამება, ძალიან დადებითი შედეგი იქნება. თქვენი პრეზიდენტი, მართლაც, ძალიან დარწმუნებულია თავის შესაძლებლობებში ამ შეთანხმების მისაღწევად, რაც კარგი ამბავია ყველა ჩვენგანისთვის და მას შეუძლია შეაჩეროს ეს, მე ვიტყოდი, ყოველდღიური ხოცვა-ჟლეტა.“
0
0