24/08/2023
16:59
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დადებითად შეაფასა თავისი სამხრეთ აფრიკელი კოლეგის კირილ რამაფოსას გადაწყვეტილება BRICS-ის [თანასწორობის პრინციპზე შექმნილი ხუთი ქვეყნის - ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა - სახელმწიფოთაშორისი გაერთიანება] სამიტის ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც ბლოკის ექვსი ქვეყნით გაფართოებას ითვალისწინებს.
პუტინი, მის მიმართ გაცემული დაკავების საერთაშორისო ორდერის გამო, იოჰანესბურგის სამიტს პირადად არ დასწრებია, თუმცა მან ლიდერებს ვიდეობმულის საშუალებით მიმართა.
„უნდა აღვნიშნო, რომ, როგორც გაირკვა, ეს ადვილი საქმე არ იყო - პრეზიდენტმა რამაფოსამ საოცარი დიპლომატიური უნარები გამოავლინა ყველა პოზიციაზე შეთანხმებაში, მათ შორის BRICS-ის გაფართოებასთან დაკავშირებით“, - ციტირებს სააგენტო Reuters-ი.
”ჩვენმა ბრაზილიელმა კოლეგამ, პრეზიდენტმა ლულა და სილვამ, ახლახან ახსენა ზოგიერთი ჩვენგანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელთა შორის, რა თქმა უნდა, გამოვყოფდი ერთიანი სააღრიცხვო ვალუტის ემისიას.”
ვლადიმერ პუტინმა ასევე დააფიქსირა რუსეთის სურვილი აფრიკასთან კავშირების გაღრმავების შესახებ: „ჩვენ გავაგრძელებთ დღეს დაწყებულ თანამშრომლობას - გავაფართოვოთ Brics-ის გავლენა მსოფლიოში”.
პუტინს საუბრისას „ვაგნერის“ ჯგუფის ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის გარდაცვალება არ უხსენებია. როგორც ცნობილია „ვაგნერის“ ჯგუფის მებრძოლები კონტინენტის რამდენიმე ქვეყანაში იმყოფებიან.
0
0