21/12/2022
17:56
მსოფლიო
ბირთვული ტრიადა არის რუსეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მთავარი გარანტი, აუცილებელია მისი გაუმჯობესების გაგრძელება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს საბჭოში გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ გავაგრძელებთ საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებას და ბირთვული ტრიადის საბრძოლო მზადყოფნის გაუმჯობესებას. ეს არის ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, სტრატეგიული პარიტეტის და მსოფლიოში ძალთა საერთო ბალანსის შენარჩუნების მთავარი გარანტია“, - განაცხადა მან.
საუბარია შეიარაღებულ ძალებზე, რომლებიც მონაწილეობენ ბირთვული ქობინების მიწოდებაში - ეს არის სტრატეგიული ავიაცია, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები და საზღვაო ძალები.
კრემლის ლიდერის თქმით, სტრატეგიულ ძალებში თანამედროვე იარაღის დონემ 91%-ს გადააჭარბა. პუტინმა დასძინა, რომ უახლოეს მომავალში ექსპლუატაციაში შევა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები „სარმატი“, ხოლო სარაკეტო ძალების გადაიარაღება სტრატეგიული კომპლექსებით - „ავანგარდით“ გრძელდება.
2020 წლის ნოემბერში, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, ფედერალურ დეპარტამენტებთან და თავდაცვის ინდუსტრიის საწარმოებთან შეხვედრაზე, პუტინმა ბირთვული ტრიადა უწოდა რუსეთის სამხედრო უსაფრთხოებისა და გლობალური სტაბილურობის მთავარ გარანტიას. 2019 წელს მან თქვა, რომ თანამედროვე იარაღის წილი ბირთვულ ტრიადაში 82% იყო.
0
0